ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის უპილოტო თვითმფრინავი ხელში ჩაიგდო

30 დეკემბერი, 2016 • 3028
აზერბაიჯანული  მხარე აცხადებს, რომ სომხეთის უპილოტო თვითმფრინავი ხელში ჩაიგდო

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 2016 წლის 29 დეკემბერს “სომხეთის კუთვნილი უპილოტო თვითმფინავი, რომელიც აზერბაიჯანის არმიის პოზიციების თავზე დაფრინავდა, აზერბაიჯანულმა მხარემ ხელში ჩაიგდო”. ამასთან, აზერბაიჯანი სომხეთს კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.

29 დეკემბრის დილას სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის მხრიდან დივერსიის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დივერსიის შედეგად უფროსი ლეიტენანტი შავარშ მელიქიანი და რიგითები, ედგარ ნარაიანი და ერიკ აბოვიანი დაიღუპნენ. ასევე, უწყების ინფორმაციით, დაღუპული არიან სამხედროები აზერბაიჯანის მხრიდანაც, თუმცა აზერბაიჯანი ერთ დაკარგულ ჯარისკაცზე საუბრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი