ახალი ამბები

ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა

23 დეკემბერი, 2016 • 2166
ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობისთვის  შემცირდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” საკუთრებში არსებული  10 ჰესიდან ტარიფი მხოლოდ ერთისთვის, “აწჰესისთვის” გაიზარდა. ტარიფი შემცირდა სს “ზაჰესისთვისაც”. კერძოდ, “აწჰესისთვის” 1 კვსთ ელექტროენერგია 1,789 თეთრით გაიზარდა და 5.865 თეთრი შეადგინა.

“ლაჯანურჰესს” ახალ ტარიფად  1.593 თეთრი დაუდგინდა, რაც არსებულ ტარიფზე 0,471 თეთრით ნაკლებია. “ჩითახევჰესის” შემთხვევაში არსებული ტარიფი 0,649 თეთრით შემცირდა და 1 კვტსთ  ენერგიის ფასად 3,807 თეთრი განისაზღვრა. ტარიფი შემცირდა “გუმათჰესისთვისაც”, სემეკის გადაწყვეტილებით, ამ ჰიდროელექტროსადგურისთვის ტარიფი 0,381 თეთრით შემცირდა და  2.004 თეთრი შეადგინა. “ძევრულჰესის” მიერ გამომუშავებული ერთი კვტსთ ელექტროენერგია კომპანიისთვის 2017 წელს 2.616 თეთრი იქნება, რაც არსებულ ტარიფზე 0,148 თეთრით ნაკლებია. “შაორჰესის” შემთხვევაში ტარიფმა 0,653 თეთრით იკლო და 1.933 თეთრად შეფასდა. რაც შეეხება რიონჰესს, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფად სადგურს 3,301 დაუდგინდა, რაც მოქმედ ტარიფზე ნახევარი თეთრით ნაკლებია. ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შემცირდა “საცხენჰესისთვისაც”, კერძოდ, ტარიფმა დაიკლო 0,649 თეთრით და 5.521 თეთრი შეადგინა. “ორთაჭალაჰესი” კი 1 კვტსთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის  2.325 თეთრს გადაიხდის – ახალი ტარიფი არსებულზე 0,175 თეთრით ნაკლებია.

ტარიფი შემცირდა სს “ზაჰესის” მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეც. კერძოდ, 1 კვტსთ ელექტროენერგიის წარმოებისთვის ტარიფად 5,225 თეთრის ნაცვლად 4,781 თეთრი განისაზღვრა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრის, გოჩა შონიას თქმით, სემეკის გადაწყვეტილება დაეფუძნა მოქმედ მეთოდოლოგიას:

“დეპარტამენტმა გააანალიზა ბოლო 5 წლის ფაქტობრივი გამომუშვებები თითოეული ამ ელექტროსადგურის და სწორედ ამ მონაცემებს დაეყრდნო ელექტროენერგიის მოცულობების გათვალისწინებისას. რადგანაც ბალანსში გათვალისიწნებული იყო უფრო ნაკლები კილოვატსაათი, ვიდრე ფაქტობრივი კილოვატსაათები, შესაბამისად, ფაქტობრივი კილოვატსაათებიდან გამომდინარე მცირედით შემცირდა ასევე ტარიფი” – ამბობს გოჩა შონია.

რამდენიმე დღის წინ სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფსაც გადახედა. კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფი მათთვის გაიზარდა.

როგორც, გოჩა შონია ამბობს, ჰიდრო და თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება, თუმცა როგორ, ამას კომისია ორშაბათს, 26 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე გადაწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი