ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას

23 დეკემბერი, 2016 • 2540
დავით დარჩიაშვილი: “ნაციონალური მოძრაობა” ამთავრებს არსებობას

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით დარჩიაშვილის განცხადებით, პარტია ამთავრებს არსებობას. ამის შესახებ დარჩიაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა შიდაპარტიული დაპირისპირების საკითხზე კომენტირებისას:

“ენმ ამთავრებს არსებობას. ნუ, იმ ფორმით და შემადგენლობით, რითაც ქვეყნის მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მცდელობასთან ასოცირდებოდა. დრამაა, მაგრამ ტრაგედია არა. ისტორია კი გაგრძელდება, საქართველოს მოდერნიზაციას ვგულისხმობ”, – წერს დარჩიაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს.

საჯარო სივრცეში მიმდინარე დაპირისპირებიდან ჩანს, რომ პარტიაში ერთ პოზიციაზე არიან გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაციისა თუ მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. დაპირისპირების მეორე მხარეს დგას მიხეილ სააკაშვილი პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად: ლევან ვარშალომიძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკო მინაშვილი და სხვა ლიდერები. ენმ-ში ვერ თანხმდებიან შემდეგ საკითხებზე – უნდა შესულიყო თუ არა ენმ-ის არჩეული დეპუტაცია პარლამენტში 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და უნდა მიეღოთ თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებს მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში, ასევე ისმის ბრალდებები მართვის არადემოკრატიულ წესზე, ამომრჩეველთან გამიჯვნაზე, პარტიის თავმჯდომარის საკითხზე. ვრცლად პარტიის შიდადაპირისპირების შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი