რესპუბლიკელები: ხეების ჭრაზე m²-ის წინადადება არის უპასუხისმგებლობა

თბილისის საკრებულოში “რესპუბლიკელებმა” “m²”-ის მიერ ხეების ჭრასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი წერილის შესახებ ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, ასეთ წერილის გაგზავნა, მით უმეტეს, ქალაქის ხელისუფლების გვერდის ავლით, არის უპასუხისმგებლო ქმედება.

ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრები ამბობენ, რომ შემაშფოთებელია ასევე ქალაქის მერის რეაქცია, რომელიც კერძო კომპანიების მხრიდან ასეთი მოთხოვნების გამო ქალაქში ამ მიმართულებით შექმნილი ვითარების უფრო დამძიმების საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს.

“ასევე, საფუძვლიან ეჭვს აჩენს პარლამენტის მყისიერი რეაგირება ერთგვერდიანი წერილის საფუძველზე საკომიტეტო მოსმენის ჩანიშვნის თაობაზე. ხომ არ არის წინასწარი შეთანხმება და რიგი პარლამენტარების კერძო ინტერესები ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაში მაშინ, როდესაც პროცედურების გამო უამრავი საკანონმდებლო წინადადებაა პარლამენტში შეფერხებული,” – ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

“რესპუბლიკელები” დედაქალაქის საკრებულოს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება დღევანდელ სხდომაზე და მიმართოს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული შეთავაზება, ხოლო მერიამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ასეთმა მიმართვებმა არ მიიღოს სისტემატური ხასიათი.

სამშენებლო კომპანიამ “m²”–მა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალური წერილით მიმართა და ხეების მოჭრისთვის მოსაკრებლის გაუქმების შესახებ რეგულაციების შეცვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა “m²”-ის ინიციატივა და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

ამ დროისთვის, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები “m² უძრავი ქონების” საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობენ, რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტებიც ესწრებიან. სხდომის განხივლა შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.