ახალი ამბები

m² – ის განმარტება ხეების ჭრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე

19 დეკემბერი, 2016 • 3558
m² – ის განმარტება ხეების ჭრასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებაზე

“m² უძრავი ქონება” ხეების მოჭრის გამარტივების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა m2-ის ინიციატივა და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რათა “განვუმარტოთ, თუ რა იგულისხმება წერილში, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო”.

დღეს გავრცელებული წერილის მიხედვით, “M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას სთხოვს, რათა დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხი დარეგულრიდეს. კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნaრგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს.

“განვმარტავთ: m2 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვდა ორი საკითხის ინიცირებას: 1. დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას; 2. მკაფიო რეგულაციების დაწესებას ხეების მოჭრის საკითხზე. m2 არ ითხოვს ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას. პირიქით, წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოს პარლამენტს სთხოვს დააწესოს მკაფიო რეგულაციები ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, საქმეში ჩახედული ადამიანები დაგვეთანხმებიან, ამ მიმართულებით სრული ქაოსია. გარწმუნებთ, რომ m2 არ ეძებს იოლ გზებს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი დავემორჩელებით. მაგალითისთვის, კომპანია კანონმა დაავალდებულოს, რომ 1 მოჭრილი ხის ნაცვლად დარგოს 10 ახალი ხე და ა.შ”,- ნათქვამია დღის ბოლოს კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება დაავადებული ხეების მოჭრას, m2 აცხადებს, რომ გაუგებარია, თუ რატომ უნდა იხდიდეს კომპანია მოსაკრებელს დაავადებული ხის მოჭრაზე, მაშინ, როცა ეს ხე პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ადამიანებისა და სხვა ხეების მიმართ და მისი მოჭრა საზოგადოების ინტერესში შედის.

სს “M² უძრავი ქონება” საქართველოს ბანკის შვილობილი სამშენებლო კომპანიაა. საკანონმდებლო წინადადებით კომპანიამ პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა.  პარლამენტის ბიუროს გადაწყეტილებით, წინადადებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ასევე, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი