ახალი ამბები

“M² უძრავი ქონება” პარლამენტს ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებას სთხოვს

19 დეკემბერი, 2016 • 3053
“M² უძრავი ქონება” პარლამენტს ხეების ჭრის პროცედურის გამარტივებას სთხოვს

“M² უძრავი ქონება” საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას სთხოვს, რათა დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრის საკითხი დარეგულრიდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს უწევს დაავადებული ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციალიტეტისათვის მიმართვის გზით და ამასთან, საკომპენსაციოდ სოლიდური თანხის გადახდა, რაც M ²-ის განცხადებით, ბიზნესსექტორის მდგომარეობას ართულებს.

კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს:

“რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საშიშროებას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და მათი დროული გაუვნებელყოფა უმთავრესად ქალაქის ინტერესში შედის.”

ამავე განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი, საჭიროების შემთხვევაში, ჯანსაღი ხეების მოჭრის მიმართ:

“მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, ბიზნესი მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისათვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელებაში და შეუძლებელი იქნება ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარება.”

კომპანია პარლამენტს მიმართავს, გაითვალსიწინოს მათი წინადადება და დაჩქარებული წესით შეცვალოს კანონმდებლობა.

სს “M ² უძრავი ქონება” საქართველოს ბანკის შვილობილი სამშენებლო კომპანიაა.

საკანონმდებლო წინადადებით კომპანიამ პარლამენტს 15 დეკემბერს მიმართა.  პარლამენტის ბიუროს გადაწყეტილებით, წინადადებას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, ასევე, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი