ახალი ამბები

გაერო: სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი

13 დეკემბერი, 2016 • 3347
გაერო: სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) აცხადებს, რომ სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში მოქალაქეების სახლებში შედიან და მოსახლეობას ხოცავენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესო კომისარიატის თქმით, მათ აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში, ოთხ სხვადასხვა სამეზობლოში, 82 მოქალაქე ჩაცხრილეს. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის 11 ქალია, 13 კი – ბავშვი.

სირიის დედაქალაქი ალეპო, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო 2-მილიონიანი მოსახლეობით, უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მომხრეებსა და მის წინააღმდეგ აჯანყებულებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. აჯანყებულებს ასადის რეჟიმის დამხობა სურთ, თუმცა 2016 წლის ნოემბრის შემდეგ სირიის სამთავრობო ძალები ახერხებენ, დაიბრუნონ პოზიციები აღმოსავლეთ ნაწილში, რასაც აჯანყებულები დამარცხებისკენ მიჰყავს.

როგორც “ბიბისი” წერს, ათასობით ადამიანი, რომელიც ალეპოში აჯანყებულების მიერ კონტროლირებულ სხვადასხვა სამეზობლოშია ჩაკეტილი, სამთავრობო ძალების დაბომბვის საფრთხის ქვეშაა. ამიტომ გაეროც და “წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებაც” სირიასა და მის მოკავშირე რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტონ ქალაქის დაბომბვა და მოქალაქეები უსაფრთხო გზით გამოუშვან ქალაქიდან.

გაეროს განცხადების საპასუხოდ რუსეთის მხარემაც გააკეთა განცხადება: კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ “აღნიშნული დანაშაულები ტერორისტულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს”, – აქ ის, როგორც “ბიბისი” წერს, აჯანყებულებს გულისხმობს. პესკოვის თქმითვე, გაეროს წარმომადგენლობას “არა აქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება ალეპოში”. მისივე თქმით, ქალაქის 98% უკვე სამთავრობო ძალების ხელშია.

ალეპო. წყარო: BBC

ალეპო. წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი