ისრაელმა დაბომბა ქვეყნის ორი მთავარი, დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტები, წერს „როიტერსი“ სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით.

სირიული ტელეარხის ცნობით, დაბომბვის საპასუხოდ ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო ტექნიკური ჯგუფები ადგილზე გავიდნენ ზარალის შესაფასებლად. ამავე წყაროს თანახმად, ალეპოს აეროპორტს ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა, მაგრამ არავინ დაშავებულა. დამასკოს აეროპორტზე ტელეარხი ინფორმაციას არ ავრცელებს.

„როიტერსის“ ცნობით, კომენტარს მსგავს შეტევებზე ისრაელში, როგორც წესი, არ აკეთებენ. მათივე წყაროების განცხადებით, ისრაელის მიერ სირიული აეროპორტების დაბომბვა მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს ირანის მიერ სირიის მომარაგებას. თეირანი სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს და ზრდის თავის გავლენას ქვეყანაში.

აეროპორტები დაიბომბა სირიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.