ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩი: ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი

13 დეკემბერი, 2016 • 3609
საფრანგეთის ელჩი: ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლა ახალი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, პასკალ მონიე ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეები ახალი წლის შემდეგ მოახერხებენ, პარალელურად კი საქართველოში საფრანგეთის საელჩოში ვიზების მიღება გამარტივებულია და ამიერიდან იმ მოქალაქეებსაც ექნებათ ვიზის მოთხოვნის შესაძლებლობა, ვისაც ვიზაზე უარი უთხრეს.

“ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ახალი წლის შემდეგ, რადგან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე შეთანხმება მიღწეულია, მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხებია მოსაგვარებელი. ველით, რომ თავისუფალი მიმოსვლის გადაწყვეტილება ძალაში შევა ახალი წლის პირველ კვარტალში ან მეორე კვარტლის დასაწყისში. ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი, მანამდე კი საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს გამონაკლისის სახით ვიზების მიღებას საფრანგეთში გასამგზავრებლად. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ახალ რეგულაციებს”, – უთხრა პასკალ მონიემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს.

როგორც საფრანგეთის ელჩი ამბობს, ბოლო პერიოდში საფრანგეთის ვიზის მსურველთა 95%-ის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: “ჩვენ საელჩოში მექანიზმიც კი შევქმენით, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ვიზები წინა შემთხვევებში არ მისცეს, ხელახლა მოგვმართონ”, – ამბობს პასკალ მონიე.

ევროპარლამენტი საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელის შემშლელ ფაქტორად დეკემბრის პირველ კვირამდე შეჩერების მექანიზმს ასახელებდა, რომელზეც წევრ ქვეყნებს არაერთგვაროვანი პოზიციები ჰქონდათ, თუმცა 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ისინი სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი 13 დეკემბერს იმსჯელებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში – პასკალ მენიე. 04.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი