ახალი ამბებისაზოგადოება

რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება თბილისში

12 დეკემბერი, 2016 • 2418
რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება თბილისში

თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ბოლო პერიოდში ჩივიან, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახების ადგილზე მისვლას დიდხანს აგვიანებენ. “ნეტგაზეთი” ამის მიზეზების გარკვევას შეეცადა.

როგორც გავარკვიეთ, თბილისის მასშტაბით სასწრაფო დახმარების 97 ბრიგადა მუშაობს. ისინი რაიონების მიხედვით 14 ფილიალში არიან განაწილებული და თითო ბრიგადა დღე-ღამეში 30-დან 35-მდე გამოძახებაზე მიდის. როგორც სასწრაფოში აცხადებენ, ბრიგადების რაოდენობა დედაქალაქისთვის საკმარისია, თუმცა საპირისპიროს შესახებ საუბრობენ მოქალაქეები.

მეკო გეგეჭკორმა სასწრაფო დახმარება 7 დეკემბერს გამოიძახა თბილისში. როგორც მეკო ამბობს, გული წაუვიდა, მიზეზი დაბალი წნევა იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებიდან 45 წუთის შემდეგ არ მივიდა, გამოძახება გააუქმა. როგორც მეკო ამბობს, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა იგვიანებს.

ლოდინი უფრო მეტხანს მოუხდა მარიამ ქურდიანს, რომელმაც ასევე 7 დეკემბერს გამოიძახა სასწრაფო. როგორც ამბობს, შეუძლოდ მისი მეგობარი გახდა:

“წნევა ჰქონდა მაღალი და გული აწუხებდა, ჭვალი ჰქონდა. დავრეკეთ სასწრაფოში დაახლოებით 11-ის ნახევარზე და მოვიდნენ 2-ს რომ აკლდა 25. ძალიან ბევრჯერ დავრეკე და ვიკითხე, რა თქმა უნდა, სადმე ქალაქში ავარია ხომ არ იყო, ან რამე მსგავსი. ასევე დამაინტერესა რამდენი ბრიგადა მუშაობდა და არ მითხრეს. მიზეზი იყო ის, რომ ძალიან ბევრი გამოძახებაა, ბრიგადები გადადიან სახლიდან სახლში და პრიორიტეტები არიან ბავშვები და გადაუდებელი შემთხვევებიო”.

7 დეკემბერს სასწრაფომ დაიგვიანა ნინა კოპალეიშვილთანაც. ნინას თქმით, სასწრაფო ბავშვის გამო გამოიძახა. პაციენტს მაღალი სიცხე ჰქონდა:

“39.5 გრადუსი სიცხე ვერაფრით დავუგდეთ. გამოვიძახეთ 11-ის ნახევარზე. თავიდანვე გვითხრა ოპერატორმა, დააგვიანდებაო, მაგრამ ამდენით? ბევრი გამოძახებებია და რაც სასწრაფოა, ჯერ იქ გვიშვებენო, მაღალ სიცხეს და მსგავს რაღაცებს პრიორიტეტი არ ენიჭება. მოკლედ, ერთგვარად ახარისხებენ, სად წავიდნენ პირველი” – იხსენებს ნინა.

საათნახევრიანი დაგვიანების შემდეგ ნინამ 112-ში კიდევ ერთხელ დარეკა. იქ კი გამოძახების გაუქმება შესთავაზეს, თუმცა იმის გამო, რომ ბავშვს ტემპერატურამ ხელმეორედ აუწია, გამოძახება არ გაუუქმებია. საბოლოოდ ბრიგადა ნინა კოპალეიშვილის გამოძახებაზე 2:00-ის შემდეგ მივიდა.

სასწრაფოში აცხადებენ, რომ გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად, გამოძახებების რიცხვი იზრდება. 7 დეკემბერს თბილისში სასწრაფო დახმარების მოთხოვნით 112-ში 2 582 შეტყობინება შევიდა.

112-დან მიღებული ინფორმაციით, თუკი 2016 წლის ნოემბერში დღეში საშუალოდ 2066 შეტყობინება შევიდა თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახებისთვის, იმავე წლის აპრილში ეს მონაცემი იყო საშუალოდ 2020 გამოძახება.

სასწრაფოში ამბობენ, რომ პრიორიტეტებს, თუ რომელ მისამართზე უნდა გავიდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, პირველ რიგში, 112 პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად ადგენს. პრიორიტეტი ისეთ შემთხვევებს ენიჭება, როგორიცაა უგონო მდგომარეობა, წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისხლდენა, ტრავმები, ავარიები, სუნთქვის შეჩერება და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები. ასეთ დროს ბრიგადა მისამართზე დაუყოვნებლივ მიდის, სხვა შემთხვევებში კი 112-ის ოპერატორი წყვეტს, სად მივიდეს  ბრიგადა.

სასწრაფოში ამბობენ, რომ დაგვიანებები სწორედ არამიზნობრივ გამოძახებათა დიდი რაოდენობით არის გამოწვეული და გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მოსახლეობას ოჯახის ექიმთან კონსულტაციისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი