ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან

10 დეკემბერი, 2016 • 4189
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქციაზე დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” 10 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ორი აქტივისტი ღამეს დიღომში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს. მათი ადვოკატის, “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წარმომადგენლის, გურამ იმნაძის თქმით, სასამართლო პროცესის გამართვას კვირას, 11 დეკემბერს, ელოდებიან.

საპროტესტო აქციის დაწყებისას “თეთრი ხმაურის მოძროაბის” მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის გათავისუფლება მოსთხოვა და მათ ტროტუარისკენ უბიძგა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ სწორედ ამ დროს დააკავა ორი აქტივისტი, მათ შორის ერთ-ერთი — EMC-ის მკვლევარი, ადამიანის უფლებათა აქტივისტი შოთა ხინჩაც იყო.

შსს-ის ინფორმაციით დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაკავების შემდეგ აქტივისტები ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც EMC-ის ადვოკატი, გურამ იმნაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბბოს, ადვოკატებს დაახლოებით ერთი საათის განმაბლობაში არ ეძლეოდათ დაკავებულების ნახვის შესაძლებლობა ვარკეთილის პოლიციის შენობაში. ეს ფაქტი, გურამ იმნაძის შეფასებით, ცალსახად არის დაცვის უფლების დარღვევა.

“ძალადობის ფაქტი არ ყოფილა, დაკავებულების ხელწერით გამოშვება ვერ მოხერხდა. დიდი ალბათობით, ხვალ იქნება პროცესი დილით, თუმცა ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით. ახლა დაკავებულები დიღომში”, – გვაცნობებს EMC-ს იურისტი. მისი თქმით, პოლიციის მიერ წარმოდგენილმა მასალამ უნდა აჩვენოს, რომ არსებობდა ამ ორი აქტივისტის დაკავების საფუძველი. თუკი ეს მასალა პოლიციამ ვერ წარმოადგინა, მაშინ მათ აქტივისტების გათავისუფლება მოუწევთ.

დიღმის იზოლატორთან “თეთრი ხმაურის” აქტივისტები სოლიდარობის ნიშნად იყვნენ შეკრებილები – მათ აქაც გამართეს საპროტესტო აქცია, თუმცა საღამოს 11 საათისათვის აქტივისტები დაიშალნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი