ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მედიაორგანიზაციები სომხეთში დეპუტატის მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს გმობენ

9 დეკემბერი, 2016 • 3681
მედიაორგანიზაციები სომხეთში დეპუტატის მიერ ჟურნალისტის ცემის ფაქტს გმობენ

ცხრა მედიაორგანიზაცია სომხეთში ეთიკის საკითხებში საპარლამენტო კომისიას მოუწოდებენ, განიხილონ დეპუტატ რუბიკ აკოპიანის ქმედება, რომელმაც 2016 წლის 7 დეკემბერს გაზეთ “გრაპარაკის” ჟურნალისტ ვაგე მაკარიანს ეროვნული კრების ბრიფინგზე კონფლიქტის შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მედიაორგანიზაციები, რომელთა შორის არიან ერევნის პრესკლუბი, მედიაორგანიზაციის ცენტრი, ჟურნალისტური კლუბი “ასპარეზი”, ჟურნალისტები ადამიანის უფლებებისთვის, დეპუტატისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დეპუტატები, მაღალჩნოსნები, უსიამოვნო კითხვების შემდეგ კონტროლს კარგავენ და თავს თანამდებობისთვის შეუსაბამო ქმედებების უფლებას აძლევენ”,- ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ბრიფინგის შემდეგ დეპუტატმა ის გარეთ გაიყვანა და სახეში ხელი გაარტყა. ბრიფინგზე კი ჟურნალისტმა დეპუტატს ერთი და იგივე კითხვა დაუსვა, რომელზე პასუხიც დეპუტატს არ სურდა.

თავად დეპუტატი ჟურნალისტის ცემის ფაქტს არ უარყოფს და ამბობს:

“ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა მედიამ უარყოფითი შეფასება მისცა პარლამენტს ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა თავად ჟურნალისტი არ ყოფილა ჟურნალისტი, ხულიგანია, რომლის ქმედებასაც სრულიად ადეკვატურად ვუპასუხე. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე. მედიასაშუალებების რედაქტორების შეკვეთის შემსრულებებს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება არ უნდა ჰქონდეთ”.

ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი