ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცი დაიღუპა

8 დეკემბერი, 2016 • 3296
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცი დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის სამხედრო უწყების ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში 1996 წელს დაბადებული სამხედრო მოსამსახურე ალბერტ პოსტოლოკიანი დაიღუპა.

სამინისტროს ცნობით, ინციდენტი 8 დეკემბერს, 02.45 საათზე მოხდა:

“ჯარისკაცი მარტაკერტში საბრძოლო პოსტზე დაუდგენელი გარემოების დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ იყო დაჭრილი. მიმდინარეობს გამოძიება”.

აზერბაიჯანულ მხარეს კომენტარი აღნიშნულ ფაქტზე ჯერ არ გაუკეთებია.

დღესვე, მთიანი ყარაბაღის ცნობით, კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან სნაიპერული სროლები ფიქსირებოდა. ყარაბაღის მხარის ცნობითვე, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ღამით 40 -ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

ანალოგიურ ბრალდება ჰქონდა 7 დეკემბერს სომხური მხარის მიმართ აზერბაიჯანს. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთმა აზერბაჯანის სამხედრო პოზიციების მიმართ 44-ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. 2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი