გრიგოლ გეგლია

გრიგოლ გეგელია: ლე პენი VS სარკოზი კლინტონი-ტრამპის სცენარის გათამაშების რისკს აჩენდა

როგორ მიმდინარეობს საპრეზიდენტო საარჩევნო მარათონი საფრანგეთში და რამდენად რეალურია იმის შესაძლბლობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი “ეროვნული ფრონტის” ლიდერი, ევროსკეპტიკოსი მარინ ლე პენი გახდეს? – ნეტგაზეთის შეკითხვებს ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი გრიგოლ გეგელია პასუხობს.

რა მოცემულობას ქმნის ის ფაქტი, რომ ნიკოლა სარკოზი “რესპუბლიკელების” პრაიმერისს და, შესაბამისად,   საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა? “ინდეპენდენტის” მიერ გუშინ გამოქვეყნებული ორგანიზაცია IPSOS-ის კვლევის მიხედვით, სწორედ საკროზისთან მიმართებაში ჰქონდა ცალსახა უპირატესობა მარინ ლე პენს.

პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ “ინდიპენდენტის” მიერ გავრცელებული ანალიზი რეალობას ადეკვატურად არ ასახავდა. ამ ანალიზის მიხედვით, რომელიც არააკურატული იყო, მარინ ლე პენი მნიშვნელოვნად ჯაბნიდა ნიკოლა სარკოზის. თუმცა ეს მოცემულობა წუხელ სრულიად გაქრა, რადგან სარკოზი საერთოდ აღარ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი. იგი პარტიის ლიდერობის არჩევნების პირველივე ტურიდან გავარდა, რესპუბლიკელთა ლიდერი ან ფრანსუა ფიიონი იქნება, ან ალან ჟუპე.

ამ არჩევნებში ყველა კონსერვატორების გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება კონსერვატორ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ მოცემულობაში სარკოზის კანდიდატურის გამორიცხვა მხოლოდ გასახარია, რადგან კონსერვატორი კანდიდატებიდან მას ლე პენის დამარცხების ყველაზე ნაკლები შანსი ექნებოდა, როგორც სახეს იმ ელიტისა, რომელსაც ლე პენი თვითონ ებრძვის. სარკოზის კანდიდატობის შემთხვევაში, იქნებოდა კლინტონი-ტრამპის სცენარის ხელახლა გათამაშების რისკი.

ამის ალბათობა ფიიონის და ჟიუპეს შემთხვევაში, ამ მომენტის მოცემულობით, სერიოზულად უფრო ნაკლებია. ამიტომ პრაგმატული თვალსაზრისით პოზიტიურია, რომ კონსერვატორთა კანდიდატი არ იქნება სარკოზი.

ვინ არიან ჟიუპე და ფიონი? რა ბექგრაუნდის პოლიტიკოსები არიან? რა შეხედულებები აქვთ ევროკავშირზე, მის გაფართოებაზე, რუსეთზე? ანუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ იმ ქვეყნის  მოქალაქეებს, რომლებიც ევროინტეგრაციას ცდილობენ?

ალან ჟიუპე ბორდოს მერი და საფრანგეთის ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრია. ფრანსუა ფიიონიც — ყოფილი პრემიერი. ჟიუპე ზომიერი კონსერვატორია, ხოლო ფიიონი — ბევრი მხრივ რადიკალი ტეტჩერისტი. კონსერვატორებიდან ჟიუპეს კანდიდატურა უკეთესია როგორც საფრანგეთისთვის, ასევე საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპისათვის, რადგან იგი რუსეთის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა, განსხვავებით ფიიონისგან, რომელიც კონსერვატორთა შორის ყველაზე პრორუსული ხედვების მატარებელია. თუმცა, თუ წუხანდელი პირველი რაუნდის მონაცემებით ვიმსჯელებთ, მოლოდინის მიუხედავად, ფიიონს  კონსერვატორთა ლიდერობის მოპოვების  უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ჟიუპეს.  მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟიუპეს გამარჯვებას ელოდა, ყველაფერი სწრაფად შეიცვალა ბოლო კვირებში. მეორე და საბოლოო რაუნდამდე მთელი კვირაა. პოლიტიკაში ერთი კვირა დიდი დროა, მაგრამ ფიიონის უპირატესობა ამ მომენტში გაცილებით უფრო სერიოზულია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დამარცხებულმა სარკოზიმ თავის მომხრეებს მოუწოდა, ფიიონს მიემხრონ.

მართალია, სარკოზი, რომელთანაც ბოლო კვლევით ლე პენს უპირატესობა ჰქონდა, ბრძოლას გამოეთიშა, მაგრამ ლე პენს მაინც რჩება მნიშვნელოვანი რეიტინგი, IPSOS-ის სექტემბრის კვლევით, დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში.  რა შანსები ექნება მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?  წინასწარი პროგნოზებით პირველივე ტურში ხმების ნახევრის მობილიზებას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს და საჭირო გახდება მეორე ტური ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის. გამორიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ლე პენმა გაიმარჯვოს?

მეორე ტური, ფაქტობრივად, გარანტირებულია. ლე პენის შანსები ამ მომენტში საკმაოდ სერიოზულია, თუმცა მისი საბოლოო ბედი დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე. ერთი ისაა, თუ ვის აირჩევს ლიდერად “რესპუბლიკელების” პარტია. ჟიუპესაც და ფიიონსაც შეუძლია ლე პენის დამარცხება, თუმცა ჟიუპე უფრო მეტად კონსენსუალური კანდიდატია, რომელსაც უფრო მეტი მემარცხენეც გაჰყვებოდა. მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია ე. წ. “ტაქტიკური ხმის მიცემის” ფრანგული ტრადიციაც.

როცა რესპუბლიკანურ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც ერთიანდებიან იმ კანდიდატის მხარდასაჭერად, რომელიც ებრძვის მესამე კანდიდატს, ვინც რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის. ამიტომ უამრავი არა-კონსერვატორი ფრანგი ხმას მისცემს ჟიუპესაც და ფიიონსაც, რათა ლე პენის დამარცხება უზრუნველყოს. სწორედ ასე დაამარცხა 2002 წელს ჟაკ შირაკმა ჟან-მარი ლე პენი, “ნაციონალური ფრონტის” დამფუძნებელი და მარინ ლე პენის მამა. და სწორედ ასე დამარცხდა რეგიონალური არჩევნების მეორე ტურში თვითონ ლე პენი. ამ ორ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ექნება.

თუმცა არჩევნები 2017 წლის მაისშია, 6 თვე კი პოლიტიკაში უზარმაზარი დროა, მით უმეტეს, ისეთ მერყევ დროებსა და კონტექსტებში, როგორშიც ახლა ვართ მთელი მსოფლიო.

თუმცა დაახლოებით იმავეს იმედი ჰქონდათ ამერიკაშიც ანტიტრამპ კამპანიის მონაწილეებს, რომელშიც რესპუბლიკელებიც კი მონაწილეობდნენ… საბოლოოდ კი შედეგი ვნახეთ. თუ ლე პენი, საბოლოოდ ჯამში, გამარჯვებას მოახერხებს, ექნება მას იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური საკითხები, მაგალითად, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის თემა?

ვფიქრობ, ამერიკის და საფრანგეთის შედარება არ არის გამართლებული. რა თქმა უნდა, პოტენციურად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამერიკას სხვა ელექტორალური სისტემა აქვს და პირიქით, არა აქვს საფრანგეთის ისტორიულად განპირობებული რესპუბლიკანური სულისკვეთება. ფრანგები, საერთო ჯამში, სხვა ხალხია, მათ რევოლუციის და პროტესტის ყველაზე მდგრადი ტრადიცია აქვთ. ე. წ. ტაქტიკური ხმის მიცემაც ამ რესპუბლიკანური ღირებულებების დაცვის მექანიზმია, რომელსაც მემარცხენეებიც იზიარებენ და მემარჯვენეებიც, თუმცა მემარცხენეები მხოლოდ ამით არ კმაყოფილდებიან და გაცილებით უფრო ღრმა იდეალებიც აქვთ.

თუ ლე პენი გაიმარჯვებს, მას ექნება უდიდესი ძალაუფლება, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი სიმბოლური თანამდებობა არ არის, არამედ დიდი ძალაუფლების მქონე პოზიცია. [სურვილის შემთხვევაში]იგი შეძლებს საფრანგეთის ევროკავშირიდან გაყვანასაც და მთელი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის დარღვევასაც, სხვა აღმასრულებელი ზომების პარალელურად, რომელიც სერიოზულად დააზიანებს საფრანგეთს და მთელ ევროპას.

შემდეგ თვეებში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები გველის [ევროპაში]. 4 დეკემბერს იტალიის რეფერენდუმი და ავსტრიის არჩევნებია.  ორივეს ამ ევროსკეპტიკურ ჭრილში განიხილავენ… ორივეს ექნება გავლენა ლე პენზეც და [ევროსკეპტიკოს] ვილდერსზეც [ჰოლანდიაში არჩევნებზე] და ყველაფერზე.

ანუ რეალურად ეს არის ბრექსიტის და ტრამპის გაგრძელება და გამოწვევა უკვე ევროპაშიც? ავსტრია, იტალია, საფრანგეთი… რა პროცესია ეს, საბოლოო ჯამში, და რა სახის გამოწვევაა EU-სთვის?

საბოლოო ჯამში, ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც დამკვიდრებული ელიტების წინააღმდეგ ილაშქრებს და ევროპულ სახლს უსიამოვნებებით ემუქრება. საქმე ისაა, რომ პროტესტის შინაარსი ხშირად სწორია; არსებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოწყობამ გარიყა მილიონობით ადამიანი, რომელიც ბუნებრივად და ხშირად ლეგიტიმურად გაჯავრებულია. არასწორი და სავალალო ისაა, რომ მათი ჯავრის მონოპოლიზებას ნეონაცისტური და ნეოფაშისტური ძალები ცდილობენ. ამდენად, სწორია პროტესტი, მაგრამ არასწორია გამოსავლად ამ ტიპის ძალების წარმოდგენა. ევროპას სჭირდება ჯანსაღი, მორალური და ქმედითი ალტერნატივა. 4 დეკემბერს იტალიაში რეფერენდუმია კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე. თუმცა რეფერენდუმს ყველა აღიქვამს, როგორც ვერდიქტს მემარცხენე ცენტრისტი რენცის ადმინისტრაციაზე. თუ რენციმ რეფერენდუმი წააგო, მოსალოდნელია, რომ პოპულისტური “ხუთვარსკვლავიანი მოძრაობა” ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას მოითხოვს. იმავე დღეს ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნებია, სადაც შესაძლოა ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერმა გაიმარჯვოს. თუ ევროპული ელიტები დროულად ვერ შეძლებენ ჯანსაღი და ქმედითი ალტერნატივების შექმნას, ევროპას მისი ისტორიის ახალი შავი მომენტები ელის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com