ახალი ამბები

ზურაბიშვილი „ძალზედ შემაშფოთებელს“ უწოდებს ლე პენის გამარჯვების პერსპექტივას

10 აპრილი, 2022 •
ზურაბიშვილი „ძალზედ შემაშფოთებელს“ უწოდებს ლე პენის გამარჯვების პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ძალზედ შემაშფოთებელი“ უწოდა ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის დამარცხების პერსპექტივას.

10 აპრილს MSNBC-ის ეთერში ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ მაკრონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის მიუხედავად, არჩევნების პირველ ტურში მაკრონის შესაძლო დამარცხება ლე პენთან აშფოთებს თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილს.

„ეს ძალზედ შემაშფოთებელია, ასე რომ იყოს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება. რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე პრო-ევროპელი ლიდერი, – ემანუელ მაკრონი, – გერმანიასთან, კანცლერ შოლცთან და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად ქმნის ძლიერ ევროპას. ევროპას, რომელიც იცავს უკრაინას, ევროპას, რომელიც სამ ასოცირებულ ქვეყანას, საქართველოს, მოლდოვას და, პირველ რიგში, უკრაინას, კარს უღებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ასე რომ, ძალიან სერიოზული შეშფოთების საფუძველი იქნებოდა, პუტინთან უფრო ახლოს მყოფმა კანდიდატმა რომ გაიმარჯვოს არჩევნები. ეს არის რაღაც, რაც შეაშფოთებს ყველა ქვეყანას, რომელიც ძლიერ ევროპაზეა დამყარებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის თანახმად, ემანუელ მაკრონი 28.5%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი, რომელსაც პირველადი შედეგებით 23.3% აქვს.

ლე პენს მოსდევს მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონი, რომელმაც ხმების 20.3% მიიღო.

ეს მონაცემები ეფუძნება კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ის ეგზიტპოლებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

სავარაუდოდ, მეორე ტურში მაკრონს ლე პენი დაუპირისპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი