ახალი ამბები

ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი – რას შეცვლის დონალდ ტრამპის გამარჯვება

14 ნოემბერი, 2016 • 3304
ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი – რას შეცვლის დონალდ ტრამპის გამარჯვება

ამერიკის შეერთებული შტატების 58-ე საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა “დემოკრატი” ჰილარი კლინტონი დაამარცხა და ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გახდა. რას უქადის აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს ამ ექსტაორდინარული ბიზნესმენის პრეზიდენტობა?

1000კმ. სიგრძის კედლის აღმართვა მექსიკის საზღვარზე – “ემიგრანტებისგან თავის დასაცავად”, მუსლიმებისათვის შტატებში შემოსვლის დროებით აკრძალვა – “ტერორიზმის საფრთხის შემცირების” მიზნით, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული საყოველთაო სადაზღვევო პოლიტიკის (ე.წ “ობამაქეარის”) ჩანაცვლება საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ალტერნატივით, გადასახადების შემცირება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვა, — ეს ყველაფერი მხოლოდ ნაწილი იყო ამ ახალბედა, რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსის წინასაარჩევნო დაპირებებისა.

ერთი მხრივ, სწორედ ეს რადიკალურობა აშფოთებდა და კვლავაც აშფოთებს ექსპერტების ნაწილს, – მათ მიაჩნიათ, რომ ჰომოფობიაში, ისლამოფობიასა და მიზოგინიაში მრავალგზის მხილებული, არაპროგნოზირებადი ტრამპი საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისთვისა და მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკელი ამომრჩევლისათვის კი, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ძლიერი ცვლილებების სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც ტრამპი არჩიეს ჰილარი კლინტონს.

9 ნოემბერს, როგორც კი ტრამპმა საარჩევნო კოლეგიისგან პრეზიდენტობისათვის საჭირო ხმები მიიღო, მსოფლიო ლიდერებმა მილოცვები გაუგზავნეს. ყველაზე თამამად ტრამპის გამარჯვება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა შეაფასა — არჩევნების შედეგები გაურკვევლობის პერიოდს გააჩენსო. ამ “გაურკვევლობის” ასარიდებლად დონალდ ტრამპი ევროპაში სასაუბროდ მიიწვიეს ევროკომისიისა და ევროპულის საბჭოს ლიდერებმა (ჟან-კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა) აშშ-ევროკავშირის ერთობლივ სამიტზე და იმედი გამოთქვეს, რომ აშშ განაგრძობს ევროკავშირთან თანამშრომლობას “ვაჭრობისა და ინვესტირების ტრანსატლანტიკური პარტნიორობის” (TTIP) ხელშეკრულების ფარგლებში. ტრამპის როლი სხვადასხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხში რომ ჯერაც გაურკვეველია, ამის შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმაც. 

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. 10.11.2016. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. 10.11.2016. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

როგორც სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას ამბობს, აშკარაა, რომ ევროპის ლიდერები შეშფოთებული არიან ტრამპის გამარჯვებით:

“პირველად არის სიტუაცია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის არჩევა ასეთ გაურკვევლობას და შეშფოთებას და პირდაპირ, დაუმალავ უარყოფით ემოციებს იწვევს ევროპის ლიდერებში. ევროპელ ლიდერებს არ მოსწონდათ არც ჯორჯ ბუში, მაგრამ ასეთი პირდაპირი, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჯერ არ მოგვისმენია”, – ამბობს გოგოლაშვილი “ბათუმელებთან” საუბრისას.

მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ტრანსატლანტიკური პარტნიორობა სხვა ეტაპზე გადავიდა: “განცხადებები, რომლებიც ისმოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ტრამპისგან, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელად აღიქმებოდა ევროპელი ლიდერების მხრიდან. ის არღვევდა ურთიერთობების “ტრანსატლანტიკურ ეთიკას” და მას ახლა პასუხობენ იგივეთი”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ლიბერალური დემოკრატიის კრიზისს” უწოდებს ტრამპის გამარჯვებას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ბადრიძე. ისიც მიიჩნევს, რომ დასავლეთი ამას “ახალ ისტორიულ ფაზაში შესვლით, ახალი თანამშრომლობით” უპასუხებს.

როგორც კი ტრამპის გამარჯვება აშკარა გახდა, საერთაშორისო მედიამ აღმოაჩინა, რომ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები, მათ შორის ისლამოფობიური განცხადებები, მისი ოფიციალური ვებ-საიტიდან წაიშალა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის (“რონდელის ფონდის – GFSIS) ანალიტიკოსი, ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება, მუსლიმების შემოსვლის კონტროლი და ა.შ — უბრალოდ, წინასაარჩევნო პოპულისტური რიტორიკის ნაწილი იყო. მისი თქმით, სინამდვილეში დონალდ ტრამპს “ძალიან ტრადიციული რესპუბლიკური პროგრამა” აქვს, რომლის მთავარი ხაზი გადის თავდაცვასა და გადასახადების შემცირებაზე.

საპროტესტო მსვლელობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოუკლენდში მესამე დღეა მიმდინარეობს. 11.11.2016. EPA/PETER DASILVA

დონალდ ტრამპის გამარჯვებას ამერიკის სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ფოტოზე: საპროტესტო მსვლელობა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ოუკლენდში. 11.11.2016. EPA/PETER DASILVA

“თუნდაც იმ კედლის აშენებას კონგრესის თანხმობა დასჭირდება, რაც ნაკლებადაა სავარაუდო. ზოგადად, ბევრად უფრო ნაკლები გაკეთდება მისი წინასაარჩევნო რიტორიკიდან, ვიდრე ამას ტრამპი ამბობდა. ასე რომ, რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ვერ ვხედავ”, – ამბობს “ბათუმელებთან” საუბრისას ნოდარ ხარშილაძე. ექსპერტი გვირჩევს, დავაკვირდეთ ტრამპის პირველ გამოსვლას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რაც მისი წინასაარჩევნო რიტორიკისაგან განსხვავდება.

“ვითანამშრომლებთ ყველა ერთად, ვისაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ექნება”, “ჰილარი [კლინტონი] დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებით  მუშაობდა, ჩვენ მასთან ვალში ვართ და პატივს ვცემთ მის მსახურებას ჩვენი ქვეყნისადმი”, “ვპირდები ყველას, რომ ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი”, — ასეთი იყო დონალდ ტრამპის ტონი 9 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ტრამპს რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემის ერთი ხელის მოსმით შეცვლის საშუალება არ მიეცემა, ამაში დარწმუნებულია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ბადრიძე:

“ეს მყარად ჩამოყალიბებული კონსტრუქციაა, პრინციპზე,  რომლის მიხედვითაც ხელისუფლების არც ერთ შტოს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ძალაუფლების მონოპოლიის საშუალება.  ტრამპის ტრანსფორმაციასაც ვიხილავთ და უკვე ვხედავთ კიდეც, რადგან მისი დღევანდელი, გამარჯვების შემდგომი გამოსვლა განსხვავდებოდა იმისგან, რასაც კანდიდატი ტრამპისგან ვისმენდით ხოლმე. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იცვლება ტრამპის  რიტორიკა”, – ამბობს ბადრიძე “ბათუმელებთან” საუბრისას.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საიას) იურისტი, გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ ტრამპს გაუჭირდება მნიშნველოვანი ცვლილებების განხორციელება, რადგან  აშშ-ში ხელისუფლება დანაწილებულია არა მხოლოდ ფედერალური ხელისუფლების სამ შტოს შორის, არამედ ფედერალურ ხელისუფლებასა და შტატებს შორისაც.

“ეს არ არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი ერთ ადამიანზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. ასე რომ, ტრამპი ვერ შეეხება ვერც აბორტის, ვერც ქორწინების თანასწორობის საკითხს — ეს შტატების და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაა”, – წერს იურისტი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დონალდ ტრამპი და ბარაკ ობამა თეთრ სახლში შეხვდნენ. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

დონალდ ტრამპისა და ბარაკ ობამას შეხვედრა თეთრ სახლში. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

კახა გოგოლაშვილის დაკვირვებით, დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას მარკეტინგულად უყურებდა, რის გამოც წინასაარჩევნო პროგრამა ძირითადად დაამყარა ამერიკელების “დაწყნარებაზე”, რომ მათ აღარ დაემუქრებათ საფრთხე მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, – “ჰპირდებოდა, რომ ყველა მხრიდან გაანეიტრალებს “საფრთხეს”, – ისლამურ რადიკალიზს, მექსიკელ მიგრანტებს, სამსახურის დაკარგვის შიშს, უმუშევრობას, რუსეთთან შესაძლო დაპირისპირებას და ა.შ”, — ამბობს ექსპერტი. ახლა, გოგოლაშვილის აზრით, როდესაც ტრამპმა უკვე მიიღო ის, რაც აინტერესებდა (“პოლიტიკური ბაზარი დაიპრყო”), შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალოს:

“ისე შეცვლის პოლიტიკას, როგორც კომპანიები ბაზრის დაპყრობის შემდეგ, – ბაზარზე შედიან დაბალი ფასებითა და მაღალი დაპირებებით, მაგრამ როდესაც იპყრობენ ბაზარს, ხდება პოლიტიკის ადაპტირება, რათა სტაბილურად შეინარჩუნონ მიღწეული პოზიცია. ახლა ტრამპის მიზანია, ამომრჩეველთა ბაზარი (ლეგიტიმაცია) შეინარჩუნოს სტაბილურად და გრძელვადიანად”, – გვეუბნება ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ტრამპმა ძველი, იმავე დაპირებებით განაგრძოს საქმიანობა.

“თუმცა, საბოლოო ჯამში,  ის მოისურვებს წმინდა რესპუბლიკური ხედვების (გადასახადების შემცირება, მიგრაციის კონტროლის გამკაცრება, ნატოში აშშ-ის ფინანსური კონტრიბუციის (რაც 70%-მდეა ამჟამად) წილის შემცირება და ა.შ) განახორციელებას და, სავარაუდოდ, ეცდება, მოიპოვოს კონგრესის მხარდაჭერა. თუმცა არ გადადგამს სარისკო ნაბიჯებს”, – ამბობს გოგოლაშვილი.

საბოლოოდ, ექსპერტები თანხმდებიან, რომ, თუნდაც “ტრამპი დარჩეს ტრამპად”, ანგარიშვალდებულებისა და დაბალანსების (ჩექ ენდ ბალანს) სისტემის სიძლიერის გათვალისწინებით, მას გაუჭირდება ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით ფონს გასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი