ახალი ამბები

ბექა ნაცვლიშვილი: აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რადიკალური გადახვევები არ მოხდება

9 ნოემბერი, 2016 • 2386
ბექა ნაცვლიშვილი: აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში რადიკალური გადახვევები არ მოხდება

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. რა ცვლილებს განახორციელებს ახალი პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და საგარეო პოლიტიკაში? ამ საკითხზე “ნეტგაზეთი” პოლიტიკური მეცნიერების სპეციალისტს და საქართველოს მეცხრე მოწვევის  პარლამენტის წევრს, ბექა ნაცვლიშვილს ესაუბრა.

აშშის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან. რამ განაპირობა მისი გამარჯვება?

სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია იწერება, რომ ხალხი დაღლილია პოლიტიკური ისტებლიშმენტით და ამის საფუძველზე ამერიკაში საპროტესტო განწყობები იზრდება.

მეორე მიზეზი, რამაც ეს შედეგი განაპირობა,  არა მარტო ამერიკის, არამედ დასავლური ქვეყნების ბევრ ამომრჩეველს ახასიათებს.  ეკონომიკური გლობალიზაციის მიერ მოტანილ შედეგებს ვგულისხმობ, როცა ინდუსტრიის სექტორში, გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში სამუშაო ადგილები მცირდებოდა და უფრო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გადადიოდა.  ესეც იყო დონალდ ტრამპის მხარდაჭერის განმაპირობებელი. იმ ადამიანებმა, ვინც ადრე ამ სექტორში მუშაობდნენ, მხარი ტრამპს დაუჭირეს. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა დონალდ ტრამპის გამარჯვება.

ამერიკული პოლიტიკური სისტემა არის მეტ-ნაკლებად კორპორატიული, ელიტების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ლობისტური და სხვა  ჯგუფების მონაწილეობა უფრო ძლიერია, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკოსების და აქედან გამომდინარე, მათ ისეთი ლიდერი უნდოდათ, ვინც გარკვეული თვალსაზრისით ამ ლოგიკას და ჩარჩოს დაარღვევდა.

რას ნიშნავს ჰილარი კლინტონის მარცხი? არჩევნებში სხვა დემოკრატი კანდიდატი რომ ყოფილიყო,  მოუგებდა ტრამპს?  გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადაც წინა არჩევნების დროს  დემოკრატების კანდიდატი  იმარჯვებდა, ახლა იქ მოიგო ტრამპმა. ასევე, პრაიმერის დროს ბერნი სანდერსის მოგებული შტატებიც ტრამპმა მოიგო.

ბერნი სანდერსი რომ ყოფილიყო კანდიდატი, შეიძლება გაემარჯვა, იქიდან გამომდინარე, რომ მისი რიტორიკაც ისტებლიშმენტის წინააღმდეგ იყო მიმართული, უფრო დაბალ სოციალურ ფენებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროგრამით გამოირჩეოდა და აქედან გამომდინარე, მისი შანსი შეიძლება მაღალი ყოფილიყო.

ამერიკამ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. ბერნი სანდერსი ამბობდა, რომ ის დემოკრატიული სოციალიზმის მსოფლმხედველობას იზიარებს და საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას. რა თქმა უნდა, ამერიკული პოლიტიკური სისტემიდან გამომდინარე, პრაიმერიდან გამომდინარე,  ის არ იყო დასახელებული “დემოკრატების” საპრეზიდენტო კანდიდატად, მაგრამ საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს გარკვეული თვალსაზრისით დემოკრატიული სოციალიზმის იდეის გამარჯვებაა ამერიკაში, რადგან ამხელა მხარდაჭერა ჰპოვა. მაგრამ, მგონი, ამერიკული საზოგადოება ამ ეტაპზე დემორკატიული სოციალიზმის იდეებისთვის ჯერ მზად არ არის.

რა შეიცვლება აშშის შიდა პოლიტიკაში? რამდენად დარჩება ტრამპი თავისი იდეების ერთგული?

რთულია წინასწარ თქმა, ცვლილებებს უნდა ველოდოთ თუ არა.  ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ საარჩევნო პროგრამებზე. პროგრამა უფრო  შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით განხორციელდება, ვიდრე საგარეო თვალსაზრისით.

შეიძლება ვთქვათ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც უნდა დადებულიყო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამით შეიძლება ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის პროტექციონისტური ხასიათი გაიზარდოს. ასევე, შეიძლება გადასახადები შემცირდეს, მათ შორის შეუმცირდეს მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებსაც.  რამდენად შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ამის თქმა რთულია.  განათლების პოლიტიკაშიც სახელმწიფოს მონაწილეობა უფრო იგივე დონეზე დარჩება, ვიდრე გაიზრდება.

ამერიკა სპეციფიური პოლიტიკური,  ეკონომიკური და  სოციალური სისტემაა. ამ ეტაპზე რთული სათქმელია, ტრამპის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა რა შედეგებს გამოიწვევს, ან განხორციელდება თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა ჰყავს დონალდ ტრამპს, მაგრამ კონგრესშიც არსებობენ მის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ  შიდა ეკონომიკური პოლიტიკა უფრო მემარჯვენე იქნება.

თუ ტრამპი რადიკალური ცვლილებების განხორციელებას მოინდომებს, იგივე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. რა ინსტიტუციური ბერკეტები არსებობს ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად?

ამერიკაში გადაწყვეტილება რთული მისაღებია მხოლოდ პოლიტიკოსების მიერ. დონალდ ტრამპს შეიძლება უფრო გაუადვილდეს გავლენის მოხდენა  შიდა ეკონომიკის პოლიტიკაში, ანუ სახელმწიფოს როლის შესუსტება, ან გაზრდა შიდა ეკონომიკაში.

საგარეო პოლიტიკა ინსტიტუციონალურ დონეზე ძალიან ჩამოყალიბებულია ამერიკაში და რადიკალური გადახვევები რთულია და არ მოხდება. ერთადერთი შეიძლება ჩინეთთან მეტ-ნაკლებად შესუსტდეს სავაჭრო ურთიერთობები და სირიის კონფლიქტში შეიძლება რუსეთს მეტი სივრცე მიეცეს.

სხვა რა ცვლილებებია მოსალოდნელი რუსეთთან მიმართებაში?

ჩვენ გვახსოვს, ჯორჯ ბუშმა თქვა პუტინზე, თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და დავინახე, რომ ის ძალიან კარგი ადამიანიაო. მაგრამ გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ურთიერთობის ამ დათბობას გზა არ გაუხსნა. იგივე იყო ობამასთან მიმართებაშიც, როცა რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ჩაეყარა საფუძველი, გარკვეული წარმატებები იყო, მაგრამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ [რუსეთის ქმედებებმა] კონფრონტაციაში გადაიყვანა ეს ორი ქვეყანა.  გარდა ამისა, რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ამ ეტაპზე  გამოირჩევიან რუსეთთან კონფლიქტური დამოკიდებულებით და, არ მგონია, ამერიკაში არსებულმა გადაწყვეტილების მიღების სისტემამ ტრამპს უფლება მისცეს, რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პოლიტიკა გაატაროს.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა ქვეყანა ამერიკის მთავარ პარტნიორად დარჩეს კავკასიაში?

ტენდეციას თუ დავაკვირდებით, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ჯგუფებში საქართველოს მხარდაჭერა ძლიერდება, ვგულისხმობ ორივე პოლიტიკურ პარტიას. ბოლო პერიოდში მიღებული რეზოლუციები ცხადყოფს საქართველოს მხარდაჭერას ამერიკის მრიდან. 2017 წელს 25 წელი სრულდება, რაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს. მე მგონია, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაიზრდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მეტ-ნაკლებად არადემოკრატიულ რეგიონში არის წამყვანი ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით და მგონია, რომ ჩვენი მხარდაჭერა არათუ შესუსტდება, არამედ გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი