ახალი ამბები

საპროტესტო აქცია ზვარეში მუშებზე მოძალადე კომპანიის გაძევების მოთხოვნით

3 ნოემბერი, 2016 • 1905
საპროტესტო აქცია ზვარეში მუშებზე მოძალადე კომპანიის გაძევების მოთხოვნით

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მოსახლეობა და რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ობიექტის ტერიტორიის (მშენებარე გვირაბის) შესასვლელთან არიან შეკრებილი და ითხოვენ ფიზიკური დაპირისპირების სასწრაფოდ გამოძიებასა და დამსაქმებელი კომპანიის მიერ ობიექტის დატოვებას.

საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც, მუშების ინფორმაციით, 2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

“მოსახლეობაც და მუშებიც იმას ვითხოვთ, რომ ამ კომპანიის ყველა თანამშრომელი, უმცროსიან-უფროსიანად, უნდა ჩანაცვლდეს. მე და კიდევ ბიჭები ისეთ პოზიციაზე ვმუშაობთ, ოდნავ ხელის კვრა, რაღაცა, მიეწერება უბედურ შემთხვევას. ეს ხალხი სანდო ხალხი აღარაა იმიტომ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას დაუწყეს ცემა, დილით კი ჩვენ დაგვერივნენ”, – უყვება “ნეტგაზეთს” ერთ-ერთი მუშა ზვარედან, გიორგი თაბუკაშვილი.

იგივე გვითხრა ზვარეს მკვიდრმა ზურაბ ტალახაძემაც, რომელიც ამბობს, რომ აქციაზე შეკრებილები ითხოვენ, კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” მიერ ობიექტის დატოვებას. “ჩინელების წინა ჯგუფი, რომლებიც ამ ჯგუფამდე მუშაობდნენ, ჩვეულებრივად ექცეოდნენ მუშებს”, – გვიამბობს ზურაბ ტალახაძე.

როგორც ადგილობრივი გამოცემა “ჩემი ხარაგაულის” რეპორტიორი ნინო კაპანაძე გვაცნობებს, ამჟამად მოსახლეობა მუშებთან ერთად არის შეკრებილი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს და “დანიშნულია ექსპერტიზები”. შსს-ში ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა ამ დროისათვის ვინმე დაკავებული. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაინახეს, თუ როგორ წაიყვანა პოლიციის მანქანამ კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ზურაბ ტალახაძის ვარაუდით, დასაკითხად.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირიც“ — დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარეს ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი, მიენიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია. ასევე,  მათი მოთხოვნაა, პოლიციამ უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

გაფიცვის პირველი დღე ზვარეში. 2016 წლის აგვისტო. ფოტო: kutaisipost.ge

გაფიცვის პირველი დღე ზვარეში. 2016 წლის აგვისტო. ფოტო: kutaisipost.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი