ახალი ამბები

რატომ გაფორმდა კონტრაქტი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან – გზების დეპარტამენტის განმარტება

25 ივლისი, 2019 • 1956
რატომ გაფორმდა კონტრაქტი ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან – გზების დეპარტამენტის განმარტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, ტენდერში მონაწილეობა უშუალოდ  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ მიიღო, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარადგინა. მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, რომ 9 თვით აუკრძალოს კომპანიას მის ტენდერებში მონაწილეობა, ივნისში გახდა ცნობილი, დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ კომპანიასთან კონტრაქტის დადებაზე გადაწყვეტილება 23 მაისს მიიღეს.

“2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცახდებულ საერთაშორისო ტენდერში ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, სადაც ერთ-ერთი დონორი ორგანიზაცია მსოფლიო ბანკია, მონაწილეობას იღებდა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაცია.

კორპორაციამ თავის შემოთავაზებაში, პერსონალის და გამოცდილების ნაწილში, გამოიყენა შვილობილი კომპანიის მონაცემები, როგორც საკუთარი. ამ ფაქტის შესახებ, გამოვლენისთანავე, ეცნობა დონორ ორაგნიზაციას – მსოფლიო ბანკს. ბანკმა იმსჯელა და ტენდერის გამოცხადებიდან 2 წლისს შემდეგ მიიღო გადაწყევტილება, დედა-კომპანიისა და მისი 730-მდე შვილობილი კომაპნიისთვის მსოფლიო ტენდერებში მონაწილეობა შეეზღუდა 9 თვის ვადით. გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და 9 თვის გასვლის შემდეგ კომპანიას შეზღუდვები მოეხსნება. პარალელურად,  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს უკვე მიენიჭა ხელშეკრულება აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინასებული პროექტის, ქვეშეთი-კობის ლოტი 2-ის ფარგლებში.

საქმე ისაა, რომ აღნიშნულ პროექტზე ტენდერი 2018 წლის ივნისში გამოცხადდა. ტენდერში შეთავაზება შემოიტანა კომპანიის შვილობილმა კომპანიამ –  შეთავაზებაში კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. აღნიშნული ტენდერში კომპანიამ ორივე ეტაპი გადალახა და ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნა დააკმაყოფილა, მათ შორის, პერსონალის კუთხით.

ტენდერის ანგარიში წარმოდგენილ იქნა 24 აპრილს, ხოლო ოფიციალირი დასტური დონორი ორგანიზაციის მხრიდან საავტომობილო გზების დეპარატმენტმა მიიღო 23 მაისს, რის შემდეგაც ყველა პროცედურის დაცვით გადაწყვეტილება კონტრაქტის მინიჭიების შესახებ ეცნობა ჩაინა რეილვეი 23-ს. გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტების ტენდერებში მონაწილეობის შეზღუდვაზე 9 თვის ვადით გამოქვეყნდა 5 ივნისს. შესაბამისად, უკვე მინიჭებულ ხელშეკრულებაზე მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებას უკუქცევითი ძალა ვერ ექნებოდა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

უწყების ცნობითვე, მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდათ, კომპანიისთვის ტენდერში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. “ამ დროისთვის,  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 ლოტს აშენებს, სადაც საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს დაზიანებული ნაგებობების აღდგენას და პარალელურად ეკისრება ვადაგადაცილების პირგასამტეხლო”.

“რაც შეეხება საფინასო ინქტიტუტებს, მათ გაფორმებული აქვთ სპეციალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ისინი აღიარებენ ერთმანეთის სანქციებს. სულ შემუშავებულია 6 პირობა. აქედან, ერთ-ერთი პირობის მიხედვით, კომპანიას მინიმუმ 1 წლის ვადით უნდა ჰქონდეს შეზღუდული ტენდერებში მონაწილეობის უფლება იმისათვის, რომ სანქცია აღიარებულ იქნას სხვა დონორების მიერაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული გადახედვისთვის”,-განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ააშენებს. მთავრობამ მოიწონა კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა 9 თვით აუკრძალა საკუთარ ტენდერებში მონაწილეობა.

მსოფლიო ბანკის თანახმად, წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე აღნიშნულმა სამმა კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ პერსონალზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე მცდარი ინფორმაცია წარადგინა. უფრო ზუსტად, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამფუძნებელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციის“ (CRCC-ის) პერსონალი, აღჭურვილობა და გამოცდილება ისე გაასაღეს, თითქოს ეს „23-ე ჯგუფისა“ ყოფილიყო. არადა, ადგილზე არა მთავარი კომპანია (CRCC), არამედ „23-ე ბიურო“ მუშაობდა.

მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემა ამ ქმედებას თაღლითობად მიიჩნევს. სწორედ ამის გამო ბანკმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ამ კომპანიებს 9 თვით აუკრძალეს მათ ტენდერებში მონაწილეობა.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარებისა  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები  2019 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი