ახალი ამბები

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერეს და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმეს

9 ოქტომბერი, 2019 •
ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერეს და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმეს

ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას, რომელსაც აწარმოებს  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს  მუდმივმოქმედი ფილიალი საქართველოში, დასაქმებული დაიღუპა.

 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, მან დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები.

“მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ,  სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა  ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს  მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.

 გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით”, – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში.

 შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო  სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.“ 

მასალების გადაბეჭდვის წესი