“დღეში 20 ლარზე ამუშავებენ” – ქვიშხეთში გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა გაფიცვა გრძელდება

სოფელ ქვიშხეთში “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” მუდმივმოქმედი ფილიალის დასაქმებულები მეოთხე დღეა, გაფიცულნი არიან. გვირაბის მშენებლობაზე მომუშავე ადგილობრივები ანაზღაურების გაზრდას, კონტრაქტების მოწესრიგებასა და კომპანიის მხრიდან შრომის კოდექსის პრინციპების დაცვას ითხოვენ.

გაფიცულებმა “რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს” დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს. პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას თქმით, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” ადმინისტრაცია იმ ფუნდამენტურ პირობებსაც არ იცავს, რომლებიც შრომით კანონმდებლობაშია გაწერილი. მისივე ინფორმაციით, დასაქმებულთა დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენს.

“გაფიცულია 60-მდე დასაქმებული, რომელიც გვირაბს აშენებს. მათ ამუშავებენ 20 ლარზე დღეში. ხელშეკრულებები მოუწესრიგებელია. მათი მოთხოვნაა, გაიზარდოს ანაზღაურება 30 ლარამდე და ხელშეკრულებები იყოს მოწესრიგებული, ჰქონდეთ შვებულების, ბიულეტენზე ანაზღაურების უფლება და ა.შ. ანუ, ის მინიმალური სტანდარტებიც არ არის დაცული, რაც შრომის კოდექსით გარანტირებულია დასაქმებულებისთვის.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე რკინიგზა არის უპასუხისმგებლო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში არღვევს საქართველოში ადამიანების შრომის უსაფრთხოებას, ისე შრომით უფლებებს და გახსოვთ, ზვარეში ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ დამსაქმებლები დასაქმებულებს”, – უთხრა ილია ლეჟავამ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დასაქმებულები დაუკავშირდნენ, პროფკავშირს კომპანიის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების მცდელობა ჰქონდა. პროცესი მთელი დღე გაგრძელდა და მასში გაფიცულებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.

“გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და გამომდინარე აქედან, ვერ შედგა მოლაპარაკება. ისინი არ იყვნენ მზად სახელფასო მატების კუთხით რაიმე შემოთავაზებისთვის”, – ამბობს ის.

ლეჟავას ინფორმაციით, გაფიცულებმა უკვე მშენებლობის ტერიტორიაც გადაკეტეს და კომპანიის სხვა თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას აღარ აძლევენ.

პროფკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მომხდარი “საქართველოს რკინიგზის” პასუხისმგებლობაცაა, რადგან “სახელმწიფო კომპანიაა და არ შეიძლება, ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიებთან ხელშეკრულებას აფორმებდნენ”.

გაფიცვასთან დაკავშირებით დღეს, 6 აგვისტოს, დამსაქმებელმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა. “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ამბობს, რომ დასაქმებულებს დამსაქმებლისთვის “წერილობით არ მიუმართავთ და არ განუხორციელებიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები”. კომპანია ირწმუნება, რომ “მიუხედავად მრავალმხრივი მცდლეობისა”, მოლაპრაკებები უშედეგოდ დასრულდა.

განცხადების თანახმად, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს “დააკმაყოფილოს ყველა კნონიერი მოთხოვნა”, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, მათ შორის შვებულებებთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

“ხოლო  ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით დასაქმებულებს შევთავაზეთ რამდენიმე ვერსია სახელფასო სისტემის დაანგარიშებისათვის”, – ამბობს “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო”.

დამსაქმებელი ასევე აღნიშნავს, რომ ძირითადი ხელფასის გარდა, დასაქმებულთათვის დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განკუთვნილი ანაზღაურებაც არის გათვალისწინებული. მისი განცხადებით, ჯამურად ეს თანხა გაფიცულთა მიერ გახმიანებულ რაოდენობას – 20 ლარს – “ბევრად აღემატება”.

ნახეთ ასევე:

მსოფლიო ბანკმა საქართველოში მომუშავე ჩინეთის რკინიგზის 23-ე ჯგუფს სანქციები დაუწესა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან