ახალი ამბები

საგარეო უწყება: სარფში საზღვრის გადმოკვეთა პასპორტით უფრო მარტივია, ვიდრე ID ბარათით

28 ოქტომბერი, 2016 • 3014
საგარეო უწყება: სარფში საზღვრის გადმოკვეთა პასპორტით უფრო მარტივია, ვიდრე ID ბარათით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამჟამად თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა უფრო მარტივია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით (რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და შესვლის თარიღი), ვიდრე საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც თურქეთში ID ბარათით არიან შესული.

უკვე მესამე დღეა, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ  პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET“ – ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

სამინისტრო განმარტავს, რომ ამჟამად პრობლემის აღმოსაფხვრელად “ინტენსიური სამუშაოები” მიმდინარეობს, თუმცა უწყება ზუსტად ვერ ასახელებს, როდის დაიწყებს სისტემა გამართულად მუშაობას. თუმცა, როგორც „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა, სარფის საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი შესაძლოა დღეს, 28 ოქტომბრის საღამომდე მოგვარდეს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველო-თურქეთს შორის სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს, ვინაიდან, საგარეო უწყების განმარტებით, დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში.

“ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარფის საზღვრის გადაკვეთის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს გუშინწინ, საღამოს ექვსი საათიდან შეექმნათ. საზღვართან ამ დრომდე რიგები დგას.

სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. საგარეო უწყების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში მსურველებს შეუძლიათ დაკავშირება ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:

  • ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო — +905413262226;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი— +995322945050

მასალების გადაბეჭდვის წესი