ახალი ამბებიტექნოლოგიები

საქართველოში კომუნიკაციების ბაზარს უცხოური პროვაიდერები ეცნობიან

26 ოქტომბერი, 2016 • 2461
საქართველოში კომუნიკაციების ბაზარს უცხოური პროვაიდერები ეცნობიან

წელს საქართველოში უკვე მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო შეხვედრა იმართება. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ათობით ქვეყნიდან სატელეკომუნიკაციო კომპანიების დელეგატებს მასპინძლობს.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები სატელეკომუნიკაციო სექტორში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ეხმარება, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები და შეისწავლონ ადგილობრივი კავშირგაბმულობის ბაზარი.

“ეს არის ფართოდ მიღებული ფორმატი სატელეკომუნიკაციო სივრცეში და ამ შეხვედრებზე კომპანიები არსებულ და სამომავლო ბიზნესურთიერთობებს განიხილავენ. საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მიმზიდველობისა და ცნობადობის გაზრდისათვის კონფერენცია დიდ მნიშვნელობას ატარებს,” – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან. მათ შორის არიან „დოიჩე ტელეკომი“, „თურქ ტელეკომი“, „ტელია-სონერა“, „ტატა ქომუნიქეიშენს“, „ორინჯ“, „ტელეკომ იტალია“ და სხვა.

კონფერენციის მასპინძელი წელს “ნიუტელკო ჯორჯიასთან” ერთად კომპანია “ჯეოსელია”. როგორც “ჯეოსელის” გენერალური დირექტორი პაველ სნალინსკი ამბობს, საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ ლიბერალურია და მასში გაცილებით მეტი მოთამაშის გამოჩენა მას მკვეთრად განავითარებს. სნალინსკის აზრით, საქართველო არის გზაჯვარედინი, სადაც კონკურენტუნარიან გარემოში კომპანიებს განვითარების შესაძლებლობა ეძლევათ. ის სამომავალოდ ბაზარზე უფრო მეტი ახალი კომპანიისა და გაერთიანებების გაჩენას ელოდება, რაც აიძულებს მოქმედ კომპანიებს: “ჯეოსელს”, “ბილაინს”, სილქნეტს, “მაგთისა” და სხვებს, რომ გადახედონ საკუთარ სტრატეგიებს.

“უკვე 2 წელია, რაც ქართულ ბაზარს ვაკვირდები და ნათელია, რომ არა მხოლოდ სატელეკომუნიკაციო, არამედ, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების პროცესი აწესებს მაღალ სტანდარტებს. ბაზარზე შემოსასვლელად პრობლემები არ არსებობს, რადგან ლიბერალურია. რამდენიმე ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება მაქვს და არც ერთგან ისეთი ადვილი არ ყოფილა ხელისუფლებასთან ურთიერთობა, როგორც აქ. გარდა რეგულაციებისათვის, აქ არის გასათვალისწინებელი ასევე ბაზრის მოცულობა, პოლიტიკური გავლენები და საერთაშორისო ურთიერთობები,” – ამბობს “ჯეოსელის” ხელმძღვანელი.

ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სნალინსკი 26.10.16

ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სნალინსკი. 26.10.16

კონფერენციის გახსნაზე სტუმრებს ქართული სატელეკომუნიკაციო სივრცის რეგულაციებისა და ბაზრის შესახებ ინფორმაცია ვახტანგ აბაშიძემ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს. აბაშიძის განცხადებით, ქართული ბაზარი უკვე მორგებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

ასევე, განიხილეს სამინისტროს პროექტი ქვეყნის ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის შესახებ. აღნიშნული პროექტი “ოუფენ ნეტის” ხელმძღვანელმა, ნინო ქუბინიძემ წარადგინა. ქუბინიძის თქმით, ინტერნეტბაზრის განვითარებისათვის საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა და კონკრეტულად ინფრასტრუქტურის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც “ოუფენ ნეტი” ადგილობრივ მცირე ინტერნეტპროვაიდერებს ფინანსურად გააძლიერებს.

“ამ ეტაპზე მთავრობის დადგენილების პირველ კომპონენტზე ვართ. რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ეხმარება კერძო სექტორს, რომელმაც გამოთქვა სურვილი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გააფართოოს საკუთარი ინფრასტრუქტურა. კერძო სექტორს შეუძლია მიმართოს ბანკებს და მიიღოს სესხი იქიდან და “ოუფენ ნეტი” დაუფარავს ხეხსის 10%-ს უცხოურ ვალუტაში და 12%-ს ადგილობრივ ვალუტაში.” – აცხადებს ქუბინიძე. ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ კი დაიწყება უშუალოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია კომპანიებს შორის ორმხირივი შეხვედრები. კომპანიების წარმოამადგენლები საქართველოს ხვალ დატოვებენ.

მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო შეხვედრა თბილისში. 26.10.16

მე-7 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო შეხვედრა თბილისში. 26.10.16

მასალების გადაბეჭდვის წესი