ახალი ამბებიტექნოლოგიები

როგორ გეგმავენ “ოუფენ ნეტი” და მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტ-ხელმისაწვდომობის გაზრდას

7 სექტემბერი, 2016 • 3521
როგორ გეგმავენ “ოუფენ ნეტი” და მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტ-ხელმისაწვდომობის გაზრდას

ინტერნეტზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა და ფართოზოლოვანი ჩამორჩენა საქართველოსათვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაარსებული ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი”, ბანკ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით, აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც რეგიონალურ, მცირე ინტერნეტპროვაიდერებს ღია დაშვების პრინციპით შესთავაზებს დასაერთებელ წერტილებზე წვდომას.

“ოუფენ ნეტი” არ აშენებს პარალელურ მაგისტრალებს, არამედ მათი ინფრასტრუქტურა მიდის იმ ადგილებამდე, სადაც ინტერნეტპროვაიდერს შესვლა ძვირი უჯდება ან დაბალი მოთხოვნის გამო არ თვლის მომგებიანად ტერიტორიის ათვისებას. ცნობილია ის 500-მდე სოფელიც, სადაც ახალი ინფრასტრუქტურა აშენდება.

“ოუფენ ნეტის” დირექტორის ნინო ქუბინიძის თქმით, პროექტის დასრულება 2017 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. 31 აგვისტოს დასრულდა კერძო სექტორისაგან ქსელის გაფართოების 3-წლიანი გეგმის მიღება. კომპანია ინფორმაციას აგროვებს, რათა სახელმწიფო პროექტისა და კერძო პროვაიდერების ქსელური დაგეგმარება ერთმანეთს არ დაემთხვეს. სექტემბრის მეორე ნახევარში ასევე იგეგმება თანადაფინანსების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადებების მიღებაც. “ოუფენ ნეტი” ჩაატარებს კონკურსს, რომელში გამარჯვებულ ოპერატორებსაც ის დაუფინანსებს სესხის 12%-ს პროექტების განვითარებისათვის.

რეგიონში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტწიგნიერების ამაღლების მიზნით მსოფლიო ბანკი “ოუფენ ნეტთან” თანამშრომლობს და ინფრასტრუქტურული ნაწილის დასრულების შემდეგ ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

#GeoIFG - ინტერნეტ მმართველობის ფორუმი თბილისში. 05.09.16

#GeoIFG – ინტერნეტ მმართველობის ფორუმი თბილისში. 05.09.16

როგორც მსოფლიო ბანკის პროექტის კორდინატორი, ბესარიონ აბულძე აცხადებს, ინტერნეტხელმისაწვდომის გაზრდისათვის ამ ეტაპზე არსებობს 3 ბარიერი: კომპიუტერული ტექნიკის არქონა, ინტერნეტში ჩართვის/პირველადი ინსტალაციის მაღალი ხარჯი და კომპიუტერული წიგნიერების დაბალი დონე.

ამიტომ პროექტისათვის ახლა მთავარი ამოცანაა შეიქმნას ქართული ინტერნეტ-ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 3 კომპონენტს: ინოვაციების ინფრასტრუქტურის შემქნას, ინოვაციების სერვისის ანუ კომპლექსური საგანმანათლებლო ნაწილის შემუშავებას – (კომპიუტერული წიგნიერების ასამაღლებლად), მესამე კომპონენტი კი არის ინოვაციების დაფინანსება.

“იგეგმება 3000-მდე ადამიანის გაწვრთნა IT-ის სფეროში. შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში კი 150 000-მდე ადამიანი შეძლებს შეისწავლოს კომპიუტერული ტექნოლოგიების მოხმარება და მათი გზით ინოვაციების შექმნა. ჩვენ ხელს შევუწყობთ “მოთხოვნის მხარის გააქტიურებას” და მიწოდებაზე უკვე ინტერნეტპროვაიდერები და “ოუფენ ნეტი” იზრუნებენ,” – ამბობს აბულაძე.

მსოფლიო ბანკის სუბსიდირების პროგრამისა და განვადების პროგრამის ფარგლებში, რეგიონის მაცხოვრებლები მიიღებენ კომპიუტერული ტექნიკის 20%-იან დაფინანსებას და დარჩენილ თანხაზე კი ბანკი განვადების ხელშეკრულებას გააფორმებს. ასევე პროგრამა ოჯახებში ინტერნეტის ქსელის პირველად საინსტალაციო ხარჯებსაც დაფარავს.

“როგორც ჩანს, ოჯახებს სწორედ პირველადი ხარჯების დაფარვა უჭირთ. ჯამურად 300-350 ლარი იქნება თითო ოჯახზე გამოყოფილი. სულ 30 000 ოჯახის დახმარება იგეგმება და ამისათვის 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.”

მსოფლიო ბანკის პროგრამის მეორე სამიზნე ჯგუფი არის მიკრობიზნესი. თითო მეწარმისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის ხაჯრების დასაფარად 3000-3500 ლარი იქნება. პროგრამა 3000 მეწარმის დახმარებას გეგმავს.

ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” გერმანულ საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონთან” ერთად საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვა 2015 წლიდან დაიწყო.  დასრულების შემდეგ პროექტი 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ინტერნეტიზაციის მსგავსი პროგრამა რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იყო ლიტვა, რომელმაც პროექტი 2005 წელს წამოიწყო და ევროკავშირის დახმარებით ქვეყნის მთელი ტერიტორია დაახლოებით 10 წლის ვადაში დაქსელა.

ინტერნეტიზაციის თემაზე მსჯელობა ინტერნეტმმართველობის საერთაშორისო ფორუმზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი