ახალი ამბები

თამთა მიქელაძე: რელიგიის სააგენტო იტყუებოდა, რომ მოხის სადავო შენობის ისტორიას სწავლობდა

14 ოქტომბერი, 2016 • 1972
თამთა მიქელაძე: რელიგიის სააგენტო იტყუებოდა, რომ მოხის სადავო შენობის ისტორიას სწავლობდა

სოფელ მოხეში მუსლიმი მოქალაქეების ნაწილმა სადავო შენობაში ილოცა, დღეს, 14 ოქტომბერს პილიციამ მათ შენობის შესასვლელი აუჭედა. რა კეთდება მოხის კონფლიქტის აღმოსაფხვრელად და როგორ მუშაობს რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნილი კომისია, რომელმაც მოხეში სადავო შენობის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორ თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

შენიშვნა: მთავარ ფოტოზე საავტორო უფლება ეკუთვნის გაზეთს “სამხრეთის კარიბჭე”.

მოხეში მუსლიმი მოსახლეობის ნაწილმა სადავო შენობაში ილოცა. პოლიციამ მათ შესასვლელი აუჭედა. როგორ შეაფასებ პოლიციის ქმედებას და ხომ არ დაარღვია კანონი მოსახლეობამ სადავო შენობაში შესვლის შემდეგ?

ლოცვითი პროტესტის აქტი იყო ეს, რადგან თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იქ მდგომარეობა გართულდა და საპოლიციო ძალებით განახორციელა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამის შემდეგ სააგენტომ დააფუძნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა. ამ 2 წლის განმავლობაში კომისიას ეფექტური გადაწყვეტილება არ მიუღია შენობის ისტორიული და კონფესიური მესაკუთრის დასადგენად.

კომისია არაეფექტურად მუშაობს?

კომისიის არაეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ მუსლიმმა თემმა ამ ფორმით გადაწყვიტა პროტესტის გამოხატვა. კომისიას არ განუცხორციელებია ექსპერტული შემოწმებები, რომელსაც უნდა დაედგინა შენობის წარმოშობა. ამ დრომდე მხოლოდ მოლაპარაკებები მიდიოდა მხარეებს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც კომისიაში არ შედიან ადგილობრივი მუსლიმები და შედიან მხოლოდ სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლები (იცით, ალბათ, სამუფთო სამმართველოსა და მუსლიმ თემს შორის გაუცხოება), იმაზე მსჯელობა, რომ ამ კომისიას შეუძლია დეესკალაცია და მხარეებს შორის ნდობის აღდგენა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

კომისიას, სადაც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, რომ ძეგლის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობა დაედგინათ, ეს ღონისძიებები არც კი გაუტარებია.

სწორედ ამ უმოქმედობაზე რეაქცია იყო ლოცვის აქტი. მუსლიმების ქცევაში, ლოცვის ეპიზოდში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. რადგან ეს იყო აბსოლუტურად ღია. მესაკუთრის მხრიდან ინტერესი არ გამოვლენილა, რომ ეს შენობა ყოფილიყო დახურული და არავინ არ შესულიყო, არ გამოვლენილა.

ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ხომ?

ეს შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ შენობაზე აქტიურ მფლობელობას ახორციელებს და შენობის შეუღწევლობის დაცვა უნდა, არ ჩანს, ის ღიაა და შესვლა და გასვლა არავის ეკრძალებოდა.

საკმაოდ დიდი ოდენობით პოლიციელები ავიდნენ შენობაში და ალყა შემოარტყეს და გამაფრთხილებელი ლენტები გააბეს. სახელმწიფოს ამ გზით უნდა ლოცვის პრევენცია.

ფაქტია, რომ რელგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნილი კომისია არაეფექტურია და სახლემწიფომ ამ დრომდე დავის გადაწყვეტა ვერ მოახერხა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ მუსლიმი თემის უფლებების უგულებელყოფა სახელმწიფოს მხრიდან სისტემატურად ხდება და მოხის შემთხვევა სწორედ ასეთი გამოვლინებაა.

როგორ შეაფასებ მართმადიდებელი ეკლესიის როლს ამ პროცესში? დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეორდოემ განცხადებაც გაავრცელა.

ამ კონფლიქტის ისტორიას თუ გადავხედავთ, მეუფე თეოდორეს განცხადება, სადაც დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ეს შენობა ქრისტიანული ეკლესიაა, იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. იმ ერთადერთი დოკუმენტის პირველადი შემოწმებით, რაც მან მოიშველია, არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ ეს შენობა ოდესმე ქრისტიანული ეკლესია იყო.

ახლა სწორედ თეოდორეს ამ სიტუაციაში ჩართვა და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად გამოცხადება, რომ ეს შეიძლება ეკლესია ყოფილიყო,  მდგომარეობა გაართულა და სამართლებრივ დავაში გადაიზარდა შენობის წარმომავლობის შესწავლა. ამ დავის შემოტანა ეკლესიის მხრიდან მოხდა და აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. მეტიც, ყველა სხვა ატრიბუტი, ის ადგილი, სადაც სასულიერო პირი ლოცვას კითხულობს, მინარეთის ასავლელი, ისე, როგორც არქიტექტურული დეტალები, აჩვენებს, რომ ეს, ერთი შეხედვით, მეჩეთის შენობა ან მისი ნაშთებია.

ამ პირობებში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეს პრეტენზიები და ზეპირი განცხადებები სახელმწიფომ ჩათვალა, როგორც დავის საგანი, ხოლო ამის გაფორმება მოხდა კომისიაში და რაღაც ცრუ საკითხზე დაიწყო გარჩევები. ამ სიტუაციის ესკალაცია და დავის შექმნა საპატრიარქოს ინიციატივა იყო. კონფლიქტის ანალიზი აჩვენებს სასულიერო პირების დიდ გავლენას ადგილობრივებზე.

ადგილობრივი სამღვდელოების გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე არის მაღალი და ეს ყველა დონის პოლიტიკაზე ჩანს. ამას მიუთითებს ადგილობრივი მუსლიმი და კათოლიკე თემი. საჯარო სამსახურში დასაქმებაც კი ადგილობრივი ეპარქიისგან რეკომენდაციას საჭიროებს.

ამდენად, არ მიკვირს. ბოლოს სამ წელიწადში 3 კონფლიქტი გამოვლინდა ამ რეგიონში. როგორც ჩანს, სახელმწიფოს სეკულარული პოლიტიკის გატარება უჭირს. იქ, სადაც აჭარელი მუსლიმები ცხოვრობენ, ეკლესიის პოლიტიკაა, რომ მოსახლეობის ინდოქტრინაცია მოახდინოს შევიწროებით თუ იდელოგიური მუშაობის გზით, აგრესიული ქრისტიანიზაციის პოლიტიკა გაატაროს და ადიგენში ეს პრობლემა ყველაზე მეტად ჩანს.

მთავარი პრობლემური საკითხი, რაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში შექმნილი კომისიის მუშაობის დასრულებაა, რომელმაც უნდა გაარკვიოს შენობის წარმომავლობა.

მე ვფიქრობ, რომ ლოცვით პროტესტი არის პროტესტი კომისიის საქმიანობის მიმართ, რომელიც არათუ გადაწყვეტილებას ვერ იღებს, არამედ არც კი დაიწყო ღონისძიებები, რომელმაც სამართლიან გადაწყვეტილებამდე უნდა მიიყვანოს ეს დავა. აბსოლუტურად არაეფექტური და ილუზორული მექანიზმია კომისია ამ დავის გადასაწყვეტად. სააგენტო იტყუებოდა, რომ შენობის ისტორიულ და კონფესიურ წარმომავლობას ადგენდა.


მნიშვნელოვანი ფაქტები:

  • ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში  ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა 1975-80 წლებში დასახლდა.  შენობაზე, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, ამბობენ, რომ მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. 1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს ის დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან დღემდე კი შენობა  ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.
  • მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
  • ვითარება მოხეში 2014 წელს დაიძაბა: 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.  8 ივლისს კი მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.
  • 2014 წლის 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ.
  • სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადებით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.
  • 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს. მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.
  • ინციდენტის დროს სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა: 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებებისთვის,  ხოლო სამი პირი – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისთვის. 23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი – თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა გამოძიება გრძელდება),[10] ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
  • 2014 წელს რელიგიის სააგენტოსთან შეიქმნა კომისია, რომელსაც სადავო შენობის საკითხი უნდა შეესწავლა, თუმცა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი