ახალი ამბები

რელიგიათა საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმის გამო

21 მარტი, 2024 • 1146
რელიგიათა საბჭოს წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ ადიგენში მუსლიმებზე თავდასხმის გამო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ და შეშფოთებას გამოხატავენ ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო.

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები და აცხადებენ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.

„ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიხილეთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ საკუთარ სახლში სალოცავად შეკრებილ მშვიდობიან მუსლიმებს.

ასევე ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თითქოს მოლაპარაკებას ცდილობს კერძო საკუთრებაში ლოცვისა და რელიგიური ხასიათის სწავლების დაშვება – დაუშვებლობის საკითხზე, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოს მიერ იმთავითვე უნდა იყოს გარანტირებული. ეს საკითხი არ შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ“ ,— აცხადებენ განცხადების ავტორები.

14 რელიგიური ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა- კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა, და გამოთქვამენ იმედს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, სასულიერო პირებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლს შორის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე, რელიგიური ეთიკისა და ტოლერანტობის ტრადიციულ პრინციპებზე.

განცხადებას ხელს აწერენ:

  •  საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
  •  საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  •  წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  •  სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • სახარების რწმენის ელესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
  • ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
  • ხსნის არმია
  •  საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  • აჰმადია მუსლიმების გაერთიანება
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

8 მარტს ადიგენში მუსლიმ თანამოქალაქეებს ლოცვაში ხელი შეუშალა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა. შემთხვევა მოქალაქე იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში არსებულ შენობასთან მოხდა, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი სალოცავად და სხვა რელიგიური რიტუალების შესასრულებლად იყენებს.

„გამოდი, გამოეთრიე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი“ ,– ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.

სახლის გარეთ ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი