ახალი ამბები

გაზ 14, ხატები და შვეიცარიული საათები – რა ქონება აღწერა ჩერნოვეცკიმ დეკლარაციაში

5 ოქტომბერი, 2016 • 2397
გაზ 14, ხატები და შვეიცარიული საათები – რა ქონება აღწერა  ჩერნოვეცკიმ დეკლარაციაში

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლეონიდ ჩერნოვეცკის რამდენიმე მილიონი აქვს ნაღდი ფულის სახით, ასევე, ძვირადღირებული ნივთებიდან ფლობს – “გაზ 14” მარკის ავტომანაქანას,  მართლმადიდებლურ ხატებსა და შვეიცარიულ, Patek Philippe-ის ფირმის საათებს.

დეკლარაციის მიხედვით, ჩერნოვეცკი ქირაობს ქობულეთში, აღმაშენებლის 383 ნომერში მდებარე სახლს, სადაც დღესდღეობით ცხოვრობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს სახლი ოფშორულ კომაპანიას “ლუგამინო ჰოლდინგს ლიმითედს” ეკუთვნის. კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილია, რომელიც ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაარსებული რამდენიმე ორგანიზაციის (“ლეონიდ ჩერნოვეცკი-ქართული მომავალი”, “მოძრაობა ბედნიერი საქართველოსთვის”) დირექტორია და ასევე საჯარო რეესტრში სხვადასხვა ოპერაციის დროს ჩერნოვეცკის ნდობით აღჭურვილ პირად ფიქსირდება.

2016 წლის სექტემბერში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ჩერნოვეცკიმ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სახლის იჯარა 2016 წლის 4 აპრილიდან 30 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს, რომელიც  160 000 აშშ დოლარის ოდენობისაა. 

ჩერნოვეცკის ასევე გაფორმებული აქვს საცხოვრებელი სახლის იჯარა ქალაქ კიევში, ორებოვსკის რაიონში. ხელშეკრულების ღირებულებაა 120 000 აშშ დოლარი. მოქმედების ვადაა 2016 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრამდე.

ლეონიდ ჩერნოვეცკის ასევე აქვს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია “მაიბახთან”. ხელშეკრულების ღირებულება 30 000 აშშ დოლარია, ხოლო მოქმედების ვადა -2016 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრამდე.

ჩერნოვეცკი 2015 წლიდან ფლობს საქართველოში რეგიტრირებული კომპანიის შპს “ლლ ინვესტმენტსის” 50%-იან წილს. კომპანიის დანარჩენ 50%-ს ფლობს მისი მეუღლე, ელენა ჩერნოვეცკაია. კომპანია 2015 წლის 16 აპრილსაა დარეგისტრირებული თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩა 5-ში, ბინა 30. სწორედ ამ მისამართზე აქვს გიორგი ქვრივიშვილს მის მიერ დაარსებული კომპანიები რეგისტრირებული.

ლეონიდ ჩერნოვეცკის საბანკო ანგარიშზე “ალფა ბანკში” (უკრაინა) 408 757 უკრაინული ჰრივნაა. ჩერნოვეცკის ანგარიშზე ინახება 41 629 უკრაინული ჰრივნა და 1 296 აშშ დოლარი უკრაინაში მის მიერვე დაარსებულ “პრავექს ბანკში” (უკრაინა).

მისი ცოლის, ელენა ჩერნოვეცკაიას ანგარიშზე “ალფა ბანკში” სხვადასხვა ანგარიშზე ირიცხება 1 481 უკრაინული ჰრივნა, 5 084 აშშ დოლარი, 110 616 აშშ დოლარი, 5 506 დოლარი.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ფლობს საბჭოთა წარმოების ავტომობილს – “გაზ 14”, აგრეთვე მე-17, მე-18 საუკუნის ვერცხლის მართლმადიდებლურ ხატებსა და შვეიცარიული კომპანია Patek Philippe-ს ბრენდის სამ ცალ საათს. ამ ქონების ღირებულება, სათითაოდ, 20 000 ლარს აღემატება. amazon.com-ზე Patel Philippe-ის საათების ღირებულება 7 000 აშშ დოლარიდან 280 000 დოლარამდე მერყეობს.

ელენა ჩერნოვეცკაიას გაფორმებული აქვს იჯარა “როლს როისის” ქირავნობაზე, რომლის ღირებულებაა არაუმეტეს 50 000 აშშ დოლარი, ხოლო ხანგრძლივობის ვადაა 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.

ელენა ჩერნოვეცკაიას დადებული აქვს ავტომობილ “ბენტლის” ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 30 000 აშშ დოლარი, ხოლო ვადა- 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე. ჩერნოვეცკაიას ასევე გაფორმებული აქვს ავტომობილის ქირავნობის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 20 000 აშშ დოლარი, მისი მოქმედების ვადაა 1 იანვრიდან 30 დეკემბრამდე.

დეკლარაციის მიხედვით, ლეონიდ ჩერნოვეცკის ნაღდი ფულის სახით აქვს 5 მილიონი დოლარი და 2 მილიონი ევრო.

ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში, ქობულეთში ცხოვრობს, 2016 წლის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

ჩერნოვეცკიმ  პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ ისევ შეცვალა გადაწყვეტილება.

ჩერნოვეცკის ცნობით, 2012 წელს შექმნა საინვესტიციო კომპანია ChernovetskyiInvestmentGroup, რომლის საინვესტიციო კაპიტალი შეადგენს 750 მილიონ დოლარს. ეს თანხა ჩერნოვეცკიმ 2008 წელს მის მიერ დაარსებული “პრავექს ბანკის” გაყიდვის შედეგად მიიღო. ჩერნოვეცკი აცხადებს, რომ კომპანიას მისი შვილი სტეფანე ჩერნოვეცკი უძღვება.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ორჯერ იყო უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი 2006-2012 წლებში და სამჯერ იყო უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი