ახალი ამბები

რომელ მოსამართლეებს ჩუქრიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

27 ოქტომბერი, 2023 • 2537
რომელ მოსამართლეებს ჩუქრიან ძვირადღირებულ საჩუქრებს? – IDFI-ის კვლევა

2020-2022 წლებში მოსამართლეებმა ან მათმა ოჯახის წევრებმა 5 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში საუბარია 49 მოსამართლეზე, რომლებმაც ოჯახის წევრებისა თუ ახლო ნათესავებისგან საჩუქრად, ფულადი თანხის გარდა, უძრავი და მოძრავი ქონება მიიღეს.

საკვლევი პერიოდის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ მიიღო. 2021 წელს მას მშობელმა 200 000 აშშ დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი აჩუქა.

წულაძის გარდა, მშობლისგან საჩუქარი უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ მიიღო. 2022 წელს მას დედამ 100 000 აშშ დოლარი აჩუქა. ეს არის მოსამართლის მიერ ერთჯერადად მიღებული ყველაზე დიდი ფულადი საჩუქარი. ამ სიაში მეორე და მესამე ადგილებს ვლადიმერ ხუჭუა და თამარ ალანია იკავებენ. ამ შემთხვევაში ფულადი საჩუქრები არა უშუალოდ მოსამართლეები, არამედ მათმა ოჯახის წევრებმა მიიღეს.

ძვირადღირებული უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ონიანმა. 2021 წელს მას მშობელმა 600 000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებიდან 2020-2022 წლებში საჩუქარი მხოლოდ ევა გოცირიძეს აქვს მიღებული. მან ოჯახის წევრისგან 19.6 ათასი ევრო მიიღო.

კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლესა და შვილს 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2.3 ათასი ლარი აჩუქეს.

IDFI-ს განცხადებით, კითხვებს აჩენს იმ საჩუქრების წარმომავლობა, რომლებსაც მოსამართლეებს ჩუქნიან. მით უმეტეს, როცა მოსამართლე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქარს ისეთი პირისგან იღებს, ვისაც კანონმდებლობა ახლო ნათესავად არ მიიჩნევს. ასეთი ფაქტები ორგანიზაციამ “საეჭვო შემთხვევებად” შეაფასა და მათზე დამატებითი მოკვლევის ჩატარების რეკომენდაცია გასცა.

“საეჭვო შემთხვევებს” შორის არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები – თამარ ალანია, ნათია გუჯაბიძე და ნატალია ნაზღაიძე. მათმა შვილებმა ძვირადღირებული საჩუქრები მამიდებისგან მიიღეს. ამავე სასამართლოს სხვა მოსამართლეების, ეკატერინე ცისკარიძისა და მანანა ჩოხელის მეუღლეებმა საჩუქრები ბიძაშვილისა და დეიდაშვილისგან მიიღეს.

IDFI-მ, ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიღებული საჩუქრების მოცულობა და კანონთან შესაბამისობაც გააანალიზა. ამ შემთხვევაში, მიღებული საჩუქრების ჯამური თანხა 27,8 მილიონი ლარია.

გარეკანის ფოტო: ნინო ონიანი, ვლადიმერ ხუჭუა, გიორგი მიქაუტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი