ახალი ამბები

ივანიშვილის ქონება სასამართლომ 148 მილიონით შეამცირა

11 ივნისი, 2012 • • 1706
ივანიშვილის ქონება სასამართლომ 148 მილიონით შეამცირა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 7 ივნისს შევიდა კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას ითავლისიწინებდა მიზნად. ორივე საქმის განხილვა სასამართლოში 8 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს დასრულდა.

 

დღეს ერთი სასამართლო სხდომა, რომელზეც გლობალ ტვ-ის ანტენების გამო ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების საკითხი იხილებოდა, 12:30 საათზე უნდა დაწყებულიყო. საქალაქო სასამართლოს მეექვსე სართულზე, სადაც ადმინისტრაციული საქმეები განიხილება, ფოიეში მანდატურებს სპეციალური მაგიდა ჰქონდათ დადგმული და სართულზე ამოსულ ყველა ადამიანს მეტალოდეტექტორით ჩხრეკდნენ, ხელით ჩხრეკდნენ ჩანთებს და მობილურ ტელეფონებს, ჩამწერებსა და სხვა ელექტრომოწყობილობას პირადობის მოწმობასთან ერთად მაგიდაზე ალაგებდნენ.

 

გადატვირთული დარბაზი და 126– მილიონიანი ჯარიმა

 

დაახლოებით 12:25 წუთზე  №32 სხდომათა დარბაზი გაიხსნა, თუმცა იქ დამსწრეთათვის მხოლოდ ორი გრძელი სკამი იდგა. მხოლოდ 9 ადამიანმა შეძლო შესვლა. იმის გამო, რომ პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერს, მანანა კობახიძეს შეძლებოდა სხდომაზე დასწრება, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დარბაზი დატოვა და კობახიძეს ადგილი დაუთმო. სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს თარჯიმანთან ერთად. საბოლოოდ, ივანიშვილის ადვოკატების ძალისხმევით, მოსამართლე კობა გოცირიძის ნებართვით საელჩოს წარმომადგენლისთვის და თარჯიმნისთვის დარბაზში ორი სკამი შემოიტანეს. პროცესზე ასევე დაიგვიანა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილემ გიორგი ამირანაშვილმა, რის გამოც სასამართლო პროცსი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო.  

სასამართლო სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლემ იკითხა, ვინმეს რამეს წარმოდგენა ხომ არ სურდა, რის საპასუხოდაც კონტროლის პალატამ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება. გიორგი ამირანაშვილის თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტები შედგებოდა კომპანიების – ”ბურჯის”, ”ელიტა ბურჯის”, ”ქართუსა” და სხვების თანამშრომელთა ახსნა-განმარტებებისგან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ კომპანია ”გლობალ კონსალტინგი”, რომელიც ”გლობალ ტვ-ს” ანტენებს აყენებს საქართველოში, რეალურად ბიძინა ივანიშვილისაა.

 

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა – ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ მოსამართლეს მოთხოვეს, ეს შუამდგომლბა საქმისთვის არ დაერთო, რადგან პაექრობის ეტაპზე საქმეზე ახალი მტკიცბულებების დართვას კანონი არ ითავლისწინებს. გარდა ამისა, საკუთრების უფლება უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი დოკუმენტებით და არა ვინმეს ახსნა-განმარტებებით. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, არც ერთი კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიულად ივანიშვილის საკუთრება არაა.

 

”როგორც ყველა უკანონო სქემისთვის არის დამახასიათებელი, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული  ”ბურჯის”, ”ელიტა ბურჯის” და ”მენეჯმენტ სერვისის” რეალური მფლობელი დაფარულია, მათი წარმომადგენელი კი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დისშვილია,” – განაცხადა გიორგი ამირანაშვილმა, ნათია მოგელაძის მოადგილემ. სწორედ ის იცავს კონტროლის პალატის ინტერესებს საქართველოში.

 

ამირანაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა თავის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს რამდენიმე მილიონი ლარი მისცა, რაც საბოლოოდ ”გლობალ ტვ”–ის გადაერიცხა, ”გლობალ ტვ”–მ კი მოსახლეობას სატელიტური ანტენები დაუმონტაჟა. მისივე მტკიცებით, ამ ანტენების საბაზრო ღირებულება იყო 12 მილიონ 622 ათას 19 ლარი. ”გლობალ ტვ”–მ კი ეს თანხა იზარალა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.

 

”გლბალ ტვ” სატელიტურ ანტენებს მოსახლეობას 10-წლიანი განვადებით, თვეში 4 ლარად აძლევს.  კონტროლის პალატის გამოთვლით, ასეთი ხელშეკრულებით კომპანია ზარალობს, რადგან ერთ ანტენაში,  ჯამში, 436 ლარს აიღებს, რომელიც ათი წლის შემდეგ დღევანდელი 25 ლარის ეკვივალენტური იქნება.

 

ადვოკატებმა– ალექსანდრე ბარამიძემ და შალვა თადუმაძემ აბსურდული უწოდეს ნათია მოგელაძის მოადგილის არგუმენტებს და განაცხადეს, რომ კონტროლის პალატის სქემა – ბიძინა ივანიშვილის მიერ ძმისთვის ფულის სესხება, ამ სესხის გადაცემა ”გლობალ ტვ”-სთვის და შემდეგ მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ ანტენების გადაცემა  – აბსურდულია, რადგან საქმეში არ დევს მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული გადაურიცხა ალექსანდრე ივანიშვილს, ასევე არ დევს საქმეში ალექსანდრე და ბიძინა ივანიშვილების ძმობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ყველაზე მთავარი: ბიძინა ივანიშვილს არ გააჩნია საარჩევნო მიზნები და, შესაბამისად, მისი დაჯარიმება საარჩევნო მიზნებისთვის უკანონო შემოწირულობის განხორციელების გამო არაადეკვატური იქნება. ადვოკატების მტკიცებით, საარჩევნო მიზნები მხოლოდ გააჩნიათ არჩევნების დანიშვნის დღიდან კანდიდატად დარეგისტრირებულ პირებს, შესაბამისად, ივანიშვილს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს, ეს მიზანი ვერ ექნება.  გარდა ამისა, არ დასტურდება ამ კომპანიებთან მისი იურიდიული კავშირი.

 

პროცესის დაწყებისას, მაშინ, როცა კონტროლის პალატამ ახალი მტკიცებულება წარმოადგინა, მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკამყოფილა ივანიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილებაზე და საქმის განხილვა განაგრძო. საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ის დაახლოებით , ნახევარი საათით გავიდა დარბაზიდან სათათბიროდ, შემოსულმა კი განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმა 126 მილიონ 220 ათას 190 ლარით. აღნიშნული თანხა კი შემდეგნაირად დაანგარიშდა:

 

რადგან კონტროლის პალატა უკანონო შემოსავლად მიიჩნევდა 12 მილიონ 622 ათას 19 ლარს[”გლობალ ტვ”–ის ანტენების საერთო სავარაუდო ღირებულება], ჯარიმა გამოვიდა აღნიშნული თანხის ხუთმაგი ოდენობა – 63 მილიონ 110 ათას 95 ლარი. ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში 1 ივნისს შესული ცვლილებით, თუ პირი ხელმეორედ ჯარიმდება სამართალდარღვევისთვის, ჯარიმის თანხა ორმაგდება. შესაბამისად, მოსამართლე კობა გოცირიძემ აღნიშნული თანხა ორზე გაამრავლა და მიიღო 126 მილიონ 220 ათას 190 ლარი.

 

ადვოკატ ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ჯარიმის თანხა არ უნდა გაორმაგებულიყო, რადგან 1 ივნისს კანონში შეტანილ ცვლილებებს   უკუქმედების ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, თუ ის პასუხისმგებლობას ამსუბუქებს, თუმცა, მისი აზრით, მოსამართლე უკანონოდ მოიქცა.

 

ბიძინა ივანიშვილმა ეს თანხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 7 დღეში უნდა გადარიცხოს, ადვოკატებმა კი გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში 48 სათში უნდა გაასაჩივრონ. ივანიშვილის ადვოკატების თქმით, საქართველოში სამართლებრივი რესურსების ამოწურვის შემდეგ აუცილებლად მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

 

მოსამართლე კობა გოცირიძის მსგავსად მოიქცა მეორე მოსამართლე ნანა დარასელია. კონტროლის პალატის მიერ უკანონო შემოწირულობად  მიჩნეული თანხა – 2 მილიონ 242 ათასი ლარი გაამრავლა ხუთზე, შემდეგ ორზე და ბიძინა ივანიშვილი 22 მილიონ 429 ათას 941 ლარით დააჯარიმა.

 

აღნიშნულ პროცესზე კონტროლის პალატამ წინა პროცესზე წარმოდგენილი იგივე მტკიცებულების დართვა მოითხოვა საქმეზე. აღნიშნულს ანალოგიური საპირისპირო არგუმენტები მოყვა ივანიშვილის ადვოკატების მხრიდან, მოსამართლე ნანა დარასელიამ კი, კობა გოცირიძის მსგავსად, არ დააკამყოფილა ივანიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა. მთლიანობაში, ორივე პროცესზე ერთნაირი არგუმენტები ისმოდა ორივე მხარის მხრიდან, თუმცა საქმე სხვა კომპანიებს ეხებოდა. 

 

ამ შემთხვევაში კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა შპს ”ელიტა ბურჯმა” და ”ბურჯმა” პარტია ”ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” სიმბოლურ ფასად მიაქირავეს 239 ავტომობილი, სინამდვილეში კი ამ მომსახურების საბაზრო ღირებულება   2 მილიონ 242 ათასი ლარი იყო.

 

”ნადვილად დავეთანხები ალექსანდრე ბარამიძეს: ბიძინა ივანიშვილს სამართლებრივად საქართველოში არანაირი კომპანია არ ეკუთვნის, ეს კი დამახასიათებელია ისეთი უკანონო სქმეებისთვის, რომელთა მიზანი კანონის გვერდის ავლაა, ”- განაცხადა კონტროლის პალატის წარმომადგენელმა გიორგი ამირანაშვილმა.

 

ალექსანდრე ბარამიძე და შალვა თადუმაძე მთელი პროცესის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ კონტროლის პალატის მიერ საეჭვოდ მიჩნეული კომპანიების მფლობელი ბიძინა ივანიშვილი არ არის, თუმცა ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა.

 

გამკაცრებული კონტროლი

 

8 ივნისს გამართული სასამართლო პროცესების მსგავსად, რომელიც ივანიშვილის დაჯარიმებას ეხებოდა, დღესაც გამკაცრებული იყო პროცესზე დამსწრეთა ჩხრეკა.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში  შედის, გადის მეტალოდეტექტორს, ჩანთა კი უნდა გაატარო სკანერში, რომელიც აკრძალულ ნივთებს აფიქსირებს. მეექსვე სართულზე ასულმა ადამიანებმა, იქ, სადაც ივანიშვილის პროცესი იმართებოდა, ფოიეში კიდევ ერთხელ გაიარეს შემოწმება. მანდატურის სამსახურის ერთმა თანამშრომელმა მეტალოდეტექტორით დეტალურად შეგვამოწმა, მეორემ კი ჩანთის ყველა ჯიბე გახსნა და დაათავლიერა. სეპციალურად დადგმულ მაგიდაზე დაგვატოვებინეს ტელეფონი, აუდიოჩამწერები და პასპორტი, რის შემდეგაც შეგვიშვეს სასამართლო დარბაზში.

 

პროცესებს შორის შუალედში ფოიეში გამოვედი და უკან შებრუნებისას მანდატურებმა კვლავ შეამოწმეს ჩემი ჩანთა, ასევე პირადად მე შემამოწმეს მეტალოდეტექტორით და ისე შემიშვეს სასამართლო პროცესზე. პროცესის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მანდატური მოვიდა და ჩემი ზურგჩანთის გარეთ გატანის აუცილებლობის შესახებ დამიწყო საუბარი. ახსნა-განამრტების მოთხოვნამ, რა საჭირო იყო სამჯერ შემოწმებული ზურგჩანთის გარეთ გატანა, შედეგი არ გამოიღო და ჩემი ჩანთა მანდატურმა გარეთ გაიტანა. პროცესის დასრულებისას მანდატურის სამსახურის უფროს კვლავ ვკითხე, რა საჭირო იყო სამჯერ შემოწმებული ჩანთის გარეთ გატანა, როცა დარბაზში მყოფი სხვა პირებისთვის არ მოუთხოვიათ იგივე.

 

”ამხელა ვეშმეშოკით ხარ მოსული, რა საჭიროა, თან წინა რიგში ზიხარ,” – ეს იყო თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის, შალვა ჯულუხაძის პასუხი. მისივე განამრტებით, წინა სასამართლო პროცესზე სხვა ჟურნალისტებმა სცადეს ფარული ჩაწერა და რამდენიმე მათგანს ფარულად გადაღებული ფოტოებიც უპოვეს. კითხვაზე, ამის გამო დააჯარიმეს თუ არა, მანდატურის სამსახურის უფროსმა უარყოფითი პასუხი გასცა. მისივე თქმით, ამიერიდან ყველა სასამართლ პროცესზე მსგავსი შემოწმება იქნება, განსაკუთრებით კი ”მსგავსი მნიშვნელობის საქმეებზე”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი