ახალი ამბები

“ახალმა მემარჯვენეებმა” პაატა ბურჭულაძის ბლოკი ფორმალურად დატოვეს

27 სექტემბერი, 2016 • 1915
“ახალმა მემარჯვენეებმა” პაატა ბურჭულაძის ბლოკი ფორმალურად დატოვეს

საარჩევნო ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” “ახალმა მემარჯვენეებმა” დატოვეს. მამუკა კაციტაძის განცხადებით, ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, მამუკა კაციტაძის განმარტებით, პაატა ბურჭულაძის გარშემო გაერთიანებული პარტიები საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას ერთობლივად გააგრძელებენ. ხოლო ბლოკის იურიდიულად დატოვების მიზანი ცესკოში კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მოპოვებაა.  კერძოდ, საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს-  შვიდი სხვაზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია. თუ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას.

“კომისიის წევრებს ნიშნავს საუკეთესო დაფინანსების მქონე შვიდი პარტია. ბლოკში შემავალ ოთხ პარტიაზე რომ გადანაწილდეს დაფინანსება, შესაძლოა კომისიის წევრი არ შეგვხვდეს. ამიტომ შეთანხმებული ვიყავით, რომ ბლოკში ორი სუბიექტი უნდა იყოს, რათა მიღებული საბიუეჯტო დაფინანსების გაყოფის შემდეგ თითოეულ სუბიექტზე თანხის ისეთი რაოდენობა დაფიქსირდეს, რაც საშუალებას მოგვცემს ცესკოს ადმინისტრაციაში მუდმივი წევრის დანიშვნის. პოლიტიკური ბლოკი ჩვეულებრუვად განაგრძობს მუშაობას, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, უბრალოდ, ეს ტაქტიკური ნაბიჯია,” – ამბობს კაციტაძე.

კითხვას, თუ რატომ გადაწყდა ბლოკში გიორგი ვაშაძის პარტიის დარჩენა და არა “მემარჯვენეების” ან გირჩის, კაციტაძე პასუხობს:

“ეს შეთანხმების საგანია. სხვა ორი პარტია რომ დარჩენილიყო, ზუსტად იმავეს შეეკითხებოდით. შევთანხმდით, რომ ახლა ორი დარჩება. შემდეგ გავაგრძელებთ ერთად ყოფნას და მომდევნო არჩევნებზე სხვა სიტუაცია გვექნება, სუბიექტთა სხვა შემადგენლობა იქნება. ჩვენ ბლოკში იმისათვის ვიყავით, რომ საარჩევნო ნომერი აგვეღო. ნომერი იყო ახალი მემარჯვენეების,” – განმარტავს კაციტაძე.

რამდენიმე კვირის წინ, ცესკოში დარეგისტირებისას, საარჩევბნო ბლოკში “პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის” არ შევიდა “გირჩი”. ამის მიზეზად მაშინაც ცესკოს კომისიის წევრის არჩევის უფლება დასახელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი