ახალი ამბები

“მონაპოვარი” თუ “გაუარესება” – ვინ დააკომპლექტებს საარჩევნო კომისიებს “მოქალაქეების” და “ოცნების” მემორანდუმით

4 თებერვალი, 2021 • 1515
“მონაპოვარი” თუ “გაუარესება” – ვინ დააკომპლექტებს საარჩევნო კომისიებს “მოქალაქეების” და “ოცნების” მემორანდუმით

“ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებულ მემორანდმუმს, რომელიც სხვა საკითებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის რეფორმასაც ეხება, ხელმომწერი მხარეები და ოპოზიციის წევრები განსხვავებულად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ამ მემორანდუმით საარჩევნო კომისიებში ოპოზიციის უფლებირვი მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. რაზე მიდიოდა “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები და რა ჩაიწერა საბოლოოდ მემორანდუმში?

მემორანდუმს, რომელსაც, ალეკო ელისაშვილი “მონაპოვარს” უწოდებს, ოპოზიციის სხვა წევრები “ქართული ოცნების” გეგმად და მათი უფლებების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

იმის გამო, რომ მემორანდუმში დასახელებულ პუნქტებს ჯერ საკანონმდებლო ფორმულირება არ აქვს, ბევრი დეტალი უცნობია. თუმცა რამდენიმე პუნქტს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას უკავშირდება, ოპოზიცია აქტიურად აკრიტიკებს. “ქართულ ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მემორანდუმის პუნქტები “ძირითადად” ელჩებთან ერთად დიალოგის პროცესში შეთანხმდა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მემორანდუმის პუნქტები „ქართულმა ოცნებამ“  ელჩებთან მოლაპარაკებებზე თავის დროზე როგორც საკუთარი წინადადება მიიტანა და მათზე ოპოზიციასთან ერთად შეთანხმდა. მისი თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული “ხარვეზებიდან” ყველას საკუთარი დასკვნა უნდა გამოეტანა და სწორედ ამიტომ, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკების პროცესში რამდენიმე საკითხი საარჩევნო რეფორმის კუთხით შეეთავაზებინა.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ყველაზე მთავარი არის საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნლოგიების შემოღება.

“განსხვავებით ელექტრონული ხმის მიცემისგან, ეს ტექნოლოგია კარგია იმით, რომ ბიულეტენიც ინახება და თუკი ვინმეს რამე ეჭვი ექნება, რომ ტექნიკამ აურია ან რაიმე მანიპულაციას ჰქონდა ადგილი, ბიულეტენები ფიზიკურად იქნება და იმის გადათვლა ყოველთვის იქნება შესაძლებელი. ამიტომ ამ კუთხით დაცულიც არის რაიმე ჩარევისგან”, — ამბობს ის.

რა წერია მემორანდუმში საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირებაზე

ცვლილებები შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციასაც. თუკი  დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სხვადასხვა იერარქიის საარჩევნო კომისიებში შემადგენლობის ნახევარს, ანუ 12-დან 6 წევრს პოლიტიკური პარტიები ნიშნავდნენ, მემორანდუმის თანახმად,  საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება და სრული პროფესიონალიზაცია უნდა მოხდეს. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულიად პროფესიული ნიშნით  დაკომპლექტდება და პარტიული ნიშნით კვოტები აღარ იქნება.  

პარტიებს მხოლოდ წარმომადგენლების დანიშნვა შეეძლებათ, რომელთაც მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება ექნებათ და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ხმის მიცემით გავლენას ვერ მოახდენენ. მაგალითად, თუ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე რაიმე საკითხი გახდება სადავო, იქნება ეს ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული თუ ხმების დათვლასთან, გადაწყვეტილებას მთლიანად პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრები მიიღებენ. პარტიის წარმომადგენლებს მხოლოდ მსჯელობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

თუმცა, მემორანდუმის ჩანაწერის მიხედვით, პარტია საარჩევნო ადმინისტრაციაში სათათბირო ხმის უფლების წარმომადგენლის დანიშვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუკი ის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა და პარლამენტის წევრის მანდატებით სარგებლობს. 

აღნიშნული ჩანაწერი განსაკუთრებით სადავო ხდება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. მაშინ, როცა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი პარლამენტში შესვლასა და საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს ამბობს. თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატები შეუჩერდებათ, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენლებსაც დაკარგავს.

მემორანდუმის თანახმად, ცენტრალურ, საოლქო და საუბნო კომისიებში წევრები ასეთი წესით შეირჩევიან;

  • ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით. ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი იმ პირთაგან, რომლებსაც შეარჩევს პრეზიდენტთან შექმნილი, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შემდგარი სპეციალური კომისია. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, დანიშნავს თითო წარმომადგენელს ცესკოში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მიიღებენ მონაწილეობას ცესკოს სხდომებში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ ცესკოს წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის, შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
  • საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება ცესკოს მიერ პროფესიული ნიშნით არჩეული 5 წევრით. კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შევლენ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში. პარტიების წარმომადგენლები ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის, შესაბამისი შრომის ანაზღაურებით;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებით (6 წევრი პლუს თითო რეგისტრატორი წევრი ყოველ 300 ამომრჩეველზე). კომისიის წევრობის კანდიდატების შერჩევის ზედამხედველობას განახორციელებს ცესკოსთან შექმნილი სპეციალური კომისია (იხ. ზემოთ). ყველა პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა საპარლამენტო არჩევნებში და სარგებლობს პარლამენტის წევრის მანდატებით, საარჩევნო პერიოდში დანიშნავს თითო წარმომადგენელს ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლებიც ისარგებლებენ კომისიის წევრთათვის განსაზღვრული პრივილეგიებით, მათ შორის, შესაბამისი შრომის ანაზღაურებით.

რას ამბობს ოპოზიცია?

ოპოზიციისთვის მემორანდუმი აღიქმება მხოლოდ “მოქალაქეებისა” და “ქართული ოცნების” ინტერესებზე მორგებულ შეთანხმებად. “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ მემორანდუმში წარდგენილი პუნქტები “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას წარუდგინა  და შეთანხმება სწორედ იმიტომ ვერ შედგა, რომ საარჩევნო რეგულაციების კუთხით არაფერია წინ გადადგმული.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც ამ საკითხებზე იყო ლაპარაკი, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამაზე თანხმობა არ განაცხადა. შემდეგ უკვე ელისაშვილმა ეს ყველაფერი „გააპრავა“ და „ოცნებას” ექნება საძახებელი ელჩებთანაც და ევროპელ პარტნიორებთანაც, თუ როგორ ახორციელებენ საარჩევნო რეფორმას ოპოზიციასთან ერთად[…] ეს არ არის არანაირი მემორანდუმი „ოცნებასა“ და ელისაშვილს შორის, ეს არის „ოცნების“ გეგმა, რომელიც მანამდეც ყველასთვის ცნობილი იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ირაკლი კობახიძემ ეს ყველაფერი გამოაცხადა და თქვა, რომ სულ რომ არცერთი პარტია არ შევიდეს პარლამენტში, ამას მაინც განახორციელებენ. ასე რომ, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ ხალხს მოაჩვენონ, თითქოს რაღაც შეთანხმება შედგა. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ საბაბი ელისაშვილის პარტიისთვის პარლამენტში შესასვლელად”, — აცხდებს გოგორიშვილი.

მისი შეფასებით, მემორანდუმის ის ნაწილი, რომელიც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს ეხება, ოპოზიციის უფლებების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. როგორც გოგორიშილი ამბობს, თუ აქამდე ოპოზიციურ პარტიებს სრულფასოვანი წევრები ჰყავდათ საარჩევნო ადმინისტრაციაში, ამ მემორანდუმის პუნქტებიდან გამომდინარე, ეს წარმომადგენლობაც აღარ ეყოლება და სრულიად ერთპარტიული საარჩევნო კომისია იქნება.

გოგორიშვილს არ სჯერა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მხოლოდ პროფესიული ნიშნით შეარჩევენ და ამბობს, რომ ეს მხოლოდ ფორმალობაა. ის ფიქრობს, რომ პროფესიული ნიშნით მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები დაინიშნებიან ცესკოში.

“ეს არის ის დაპირებული “ჩაწიკწიკებული” კოდექსი, რომელზეც ელისაშვილი ლაპარაკობდა. განსაკუთრებით, საარჩევნო ადმინისტრაციების ნაწილში. დაწყებული იქიდან, რომ თითქოს პროფესიული ნიშნით დაინიშნებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დაწყებული საუბნო კომისიამდე წევრები, ეს ყველაფერი გახდება ერთპარტიული. იმიტომ, რომ როდესაც ცესკოს წევრებს შეარჩევს სალომე ზურაბიშვილი და ეს კომისია, რომელზეც არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, იქნება ფორმალობა. თამარ ჟვანია მეორედ სწორედ ასეთმა კომისიამ შეარჩია და სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა

რაც არ უნდა წარმომადგენელი ჰყავდეს “მოქალაქეებს” და ვერ გავიგე, „ევროპელ სოციალისტებს“ ეყოლებათ თუ „პატრიოტთა ალიანსს“ წარმომაგდენელი, ეს ერთადერთი რამის მაჩვენებელია, რომ ის ოპოზიციური წევრებიც კი, რომელიც ჰყავდა აქამდე ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში, ისიც არ ეყოლება”, — აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

გოგორიშვილის მსგავსად, “ლელოს” წევრი მამუკა კაციტაძეც აცხადებს, რომ “ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმებული მემორანდუმი დიდწილად აცდენილია იმ მოთხოვნებთან, რაც ოპოზიციის საერთო ოთხპუნქტიან გეგმაში იყო. მისი თქმით, მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებული ჩანაწერი პარტიების პირდაპირი იძულებაა, რომ პარლამენტში შევიდნენ და ბოიკოტზე უარი თქვან.

“საარჩევნო ადმინისტრაციაში საკუთარი წევრის დანიშვნის უფლება ეძლევა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის საპარლამენტო, რომელმაც გადალახა 1%-იანი ბარიერი და იყენებს თავის მანდატს. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ვიღაცამ შეიძლება მიიღოს 1,5%, შევიდა პარლამენტში და მას შეუძლია დანიშნოს, და ვიღაცამ შეიძლება მიიღოს 10-15%, მაგრამ ბოიკოტის ნიშნად არ შევიდა პარლამენტში და მას არ აქვს უფლება კომისიის წევრის დანიშვნის.

უარი უნდა თქვა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, შენ ამის სანაცვლოდ დაგინიშნავთ წევრს ადმინისტრაციაში და თუ ამას არ იტყვი, მაშინ შენ არ გეყოლება წევრი ადმინისტრაციაში, ოღონდ შენზე უარესი შედეგის მქონე პარტიას ეყოლება, რომელიც შევიდა პარლამენტში. ეს მემორანდუმია? ეს შეთანხმებაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პარტნიორული დამოკიდებულებაა? შენ ხელს აწერ ისეთ დოკუმენტს, რომ ოღონდ შენ მიიღო წევრი და სხვები საერთოდ არ გაინტერესებს”, — ამბობს კაციტაძე ნეტგაზეთთან.

კაციტაძის თქმით, მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მხრიდან იყო დამოკიდებულება, რომ ყველა პოლიტიკური პარტია თანაბარ პირობებში უნდა ჩამდგარიყო და ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციაში უმრავლესობა არ ჰქონოდა.

“რანაირად არის თანაბარ პირობებში ჩაყენებული პოლიტიკური პარტიები? თუ პარტიამ თავისი შედეგით მოიპოვა საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილი, რა კავშირი აქვს ამასთან, ის შემდეგ ბოიკოტს გამოაცხადებს, შევა პარლამენტში თუ არ შევა?

საერთოდ ნონსენსია, რომ პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, არის საპარლამენტო პარტია [ევროპელი სოციალისტები]. „პატრიოტთა ალიანსს“ წევრი არ ჰყავს პარლამენტში, როგორ უნდა მიიღოს მან საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილი? ეს ოთხი ადამიანი დღეს სხვა პარტიას წარმოადგენს. თვითონ არ გადაულახავს ბარიერი და „ევროპელი სოციალისტები“ წევრს ვერ მიიღებენ ადმინისტრაციაში და ვინც გადალახა,“პატრიოტთა ალიანსიც“ გვერდზეა გაწეული. ანუ რა გამოდის? ადმინისტრაციაში ადგილს მიიღებს მხოლოდ ელისაშვილი მისი მემორანდუმის თანახმად”, — აცხადებს კაციტაძე.

მემორანდუმთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრებმა, პაატა მანჯგალაძემ და სერგო ჩიხლაძემ, სადაც საუბარია იმ კონკრეტულ 7 განსხვავებაზე, რაც „ქართულ ოცნებას“ შორის ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებულ ვერსიასა და „მოქალაქეებისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის მემორანდუმს შორისაა. პარტიის წევრების თქმით, მემორანდუმი გაუარესებული ვარიანტია.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრები ერთ-ერთ განსხვავებად სწორედ იმას ასახელებენ, რომ  ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულია ყველა დონის კომისიაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ კომიიის წევრების დანიშვნა, სრული უფლებამოსილებით.

„მოქალაქეების“ ვერსიაში განსაკუთრებით საგანგაშოა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაშიც კი არსებითი გაუარესებაა.

ამასთან, „მოქალაქეების“ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის წევრების წარდგენას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან და არა არჩევნების შედეგების მიხედვით წევრების წარდგენის უფლებას” , — აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

კიდევ ერთი განსხვავება, რაზეც “სტრატეგია აღმაშენებელი” საუბრობს, საარჩევნო კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრაა.

“ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, ყველა დონის საარჩევნო კომისია შედგება 12 – დან 15 – მდე წევრისგან. რვა კომისიის წევრს ნიშნავს რვა საუკეთესო შედეგის პოლიტიკური პარტია, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარიტეტული პრინციპით. ცესკოს პროფესიულ წევრებს 4-7-მდე ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან. “მოქალაქეების“ მემორანდუმით ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით”, — აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

თავად “მოქალაქეებთან” ნეტგაზეთმა ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა, თუმცა ელისაშვილი მემორანდუმის კრიტიკაზე საპასუხოდ საჯაროდ ამბობს, რომ ეს კანონი და კონსტიტუცია არაა, ღია ტექსტია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. მისი თქმით, თუ ოპოზიციას მემორანდუმის პუნქტები არ მოსწონს, უკეთესი თავად “დააწერინონ” ხელისუფლებას.

“ჩვენ იმ ტექსტზე ვემუშავეთ „ქართულ ოცნებას“ და თუ გიორგი ვაშაძეს არ მოსწონს, კეთილი ინებოს და ხელისუფლებას ემუშაოს, უკეთესი პუნქტები ჩააწერინოს. ეს არის ღია დოკუმენტი, კონსტიტუცია კი არ არის, რომელიც მივიღეთ და არ შეიცვლება. ასეთი განცხადებები სასაცილოა და სევდიანი საყურებელია. თუ ჩვენზე მაგარია, ადგეს და უფრო მაგარი ტექსტი დააწერინოს, რომ გმინავს და ამბობს, არ ვარგაო. ხომ მაგარია? ჩვენ მაგრები არ ვართ, ვერ შევძელით, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი? დაწეროს, ლომებრ პუნქტები”, — განაცხადა ელისაშვილმა.

მემორანდუმის გაფორმებისას ელისაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტის თანახმად ოპოზიციას საშუალება ექნება, ცესკოში უფრო მეტი წევრი ჰყავდეს, ვიდრე დღეს (3 წევრი.)

“ისარგებლოს მან, ვინც კონსტრუქციული არის”

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერით მმართველმა გუნდმა საკუთარი განზრახვა და სურვილი გამოხატა. კერძოდ, ის, რომ “ისარგებლოს მან, ვინც კონსტრუქციული არის”. მისი თქმით, იმისთვის, რომ პარტიამ ამ რეფორმის შედეგით და “სიკეთით” ისარგებლოს, ამის მონაწილე უნდა გახდეს, პარლამენტში  შევიდეს და თუკი რაიმე კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით შენიშვნა აქვს, იქ იმსჯელოს.

“მოლაპარაკებების მიზანი რა იყო? შევთანხმდებით ჩვენ რაღაცაზე, ხელს მოვაწერთ და შევდივართ ყველა პარლამენტში. ნაწილმა თქვა, რომ ჩვენ არ გვინდა შეთანხმება, მოვიდნენ „მოქალაქეები“, თქვეს, რომ მოდით, ჩვენ შევთანხმდეთ. კი ბატონო, ჩვენ შევთანმხდეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმიტომ შევუთანხმდით მოქალაქეებს, რომ შემოსულიყვნენ. რა აზრი აქვს შეთანხმებას, როდესაც ერთი მხარე რაღაც ვალდებულებას იღებს და მეორე არანაირ ვალდებულებას არ იღებს. აქედან გამომდინარე არის სწორედ ეს ჩანაწერი, ვისაც უნდა, რომ ამ რეფორმის ნაწილი იყოს, მაშინ ამ რეფორმაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ეს ჯერ რეფორმა არ არის, ეს არის მემორანდუმი, ასე ვვთქვათ, იდეის ტექსტია”, — აცხადებს პაპუაშვილი.

თუმცა გაუგებარი რჩება, დღეს არსებული მდგომარეობით, როცა პარტიები ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ეთვლებათ თუ არა საპარლამენტო მანდატი გამოყენებულად და ამ მოცემულობით შეუძლიათ თუ არა საარჩევნო ადმინისტრაციებში წარმომადგენლების დანიშნვა სათათბიროს ხმის უფლებით? ამ კითხვით ჩვენ შალვა პაპუაშვილსაც მივმართეთ, რომელიც გვპასუხობს:

“ეს საკითხები იქნება განსასაზღვრი. ეს ჯერ პროექტის სახითაც არ არის დაწერილი. ჩვენ მემორანდუმში  დავაფიქსირეთ იდეა — გინდა ისარგებლო ამ სიკეთით? დაბრუნდი დემოკრატიულ კალაპოტში, მიიღე მონაწილეობა რეფორმაში და იქნები მონაწილე ამ რეფორმის შედეგებისა. გადიხარ დემოკრატიული სივრციდან, მაშინ ნუ გექნება პრეტენზია, რომ მხოლოდ სიკეთეებით ისარგებლებ და არანაირი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არ გექნება”, — ამბობს პაპუაშვილი.

პაპუაშვილს ასევე ვკითხეთ, რატომ მცირდება საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა. მისი განმარტებით, დიდი კომისიების საჭიროება ტექნოლოგიების შემოღების გამოც აღარ იქნება, რადგან  რაღაც ფუნქციები საჭირო აღარ იქნება.  ასევე, ყურადღება ექცევა იმასაც, რომ უბანზე ადამიანების გადაჭარბებული რაოდენობა არ იყოს.

“გარდა ამისა, ეს შეეხება წარმომადგენლებს და არა კომისიის წევრებს. კომისიის წევრი პარტიიდან მაინც ვერავინ იქნება. კომისიაში არიან კომისიის წევრები, ვინც პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული და არიან პარტიის წარმომადგენლები სათათბირო ხმით. ესენი არიან, ფაქტობრივად, პარტიიდან დამკვირვებლები უბანზე, ანუ მათი წარმომადგენელია უბანზე”, — ამბობს პაპუაშვილი.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ პარტიებს დამკვირვებლები ისედაც ჰყავთ და რა განსხვავება იქნება მათ შორის, პაპუაშვილი გვპასუხობს, რომ მათ შორის განხვავება მხოლოდ ხელფასში იქნება.

“სხვაობა ის არის, რომ იგივე სტატუსი ექნებათ, მათ ხელფასი ექნებათ. ანუ პარტიას შეუძლია გამოყოს ადამიანი, რომელსაც იგივე უპირატესობები აქვს, როგორც წევრს, უბრალოდ, ხმის უფლება არ აქვს, სათათბირო ხმის უფლება აქვთ მხოლოდ, ანუ კომისიის წევრი არ იქნება პარტიიდან”, — ამბობს პაპუაშვილი და დასძენს, რომ ეუთო/ოდირი და  არასამთავრობო ორგანიზაციებიც დიდი ხანია ითხოვენ, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული და არა პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას.

“აქ სულ იყო ხოლმე ნდობის საკითხი: პროფესიული ნიშნით თუ იქნება, თქვენ თქვენი სურვლით დააკომპლექტებთ პროფესიულ ნაწილს… ანუ ფაქტობრივად პარტიული იქნება და დაარქმევთ პროფესიულს… ამიტომ ჯობია იყოს პარტიული წარმომადგენლობა, გვეცოდინება, რომ ყველა ვართ მიკერძოებული და პარტიული იმ კომისიაში,  მაგრამ ბევრნი ვართ სხვადასხვა მიკერძოებით და რაღაცნაიარად ერთმანეთს ვაბალანსებთ… საერთო ჯამში, ამას არანაირი შედეგი არ აქვს. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების და ეუთო/ოდირის რეკომენდაცია იყო, რომ პროფესიული ნიშნით იყოს დაკომპლექტებული”, — აცხადებს პაპუაშვილი.

ოპოზიციის ეჭვზე, საარჩევნო ადმინისტრაციების წევრობის კანდიდატებს პროსახელისუფლებო ორგანიზაციების მიერ შეგდენილი კომისია რომ წარადგენს, პაპუაშვილი ამბობს რომ აქ მნიშვნელობა ნდობის საკითხს აქვს.

“ნდობისთვის სწორედ ეს მექანიზმია შემოტანილი, რომ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომლებიც წარადგენენ [კანდიდატებს]. აქ ნდობა უნდა გამოვიჩინოთ, ვიცით, არასამთავრობო ორგანიზაციები ვინც არიან და არ მგონია, რომ მაინცდამაინც ლოიალურები იყვნენ ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ეს არის მექანიზმი, რომელიც შეთავაზებულია, რომ იყოს პროფესიული წევრებიც. თვითონ შერჩევის პრინციპიც გამჭვირვალე იქნება, თვითონ შერჩევის მიმართაც არის ყურადღება და რამე ხარვეზი და პრეტენზია თუ იქნება, ისიც გამოჩნდება. ეს შერჩევის პრინციპიც ცალკე გაიწერება კანონმდებლობით. ანუ იქნებიან პროფესიული ნიშნით შერჩეული კომისიის წევრები და პარტიებიდან წარმომადგენლები, რომლებსაც ანაზღაურება და სხვა პრივილეგიები და სათათბირო ხმა ექნებათ”, — აცხადებს პაპუაშვილი.

“მართვაში არასამთავრობოებს არაფერი ესაქმებათ”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წევრი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, რომ ინტერესი, რომელსაც ბუნებრივად უნდა აღძრავდეს პოლიტიკური სისტემა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის ჩართულობაზე დაფუძნებით, ქართულ პოლიტიკურ სისტემას არ ახასიათებს. მისი თქმით,  ფაქტობრივად, ოპოზიციაში მყოფებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ და “ეს ახალისებს ოპოზიციაში მყოფ ძალებს იმუშაონ არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში”.

მენაბდის თქმით, ამის გათვალისწინებით, „მოქალაქეებს“ შეეძლოთ უფრო ფართოდ შეეხედათ პოლიტიკური სისტემისთვის და ისეთი პოლიტიკური მოთხოვნები დაეყენებინა, რომელიც ამ პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის როლს გაზრდიდა.

ამასთან, როგორც მენაბდე ამბობს, საია საარჩევნო კომისიების წევრების შემცირებას ემხრობა და მათი რეკომენდაციაც იყო: კომისიების პროფესიონალიზაცია, ოპოზიციის ჩართულობით არჩევა და შემცირება. მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლები საერთოდ არ უნდა იყვნენ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კომისიების პროფესიული დაკომპლექტება კონსენსუსზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ოპოზიციას უნდა ეკუთვნოდეს.

“პროფესიული წევრებისგან უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა გადაწყვეტილება დანიშვნის შესახებ უნდა დაეფუძნოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას. მხოლოდ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მექანიზმი უნდა იყოს ისეთი, რომ კენჭისყრაში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდეს ოპოზიციას — ვთქვათ, მინიმუმ ერთი ფრაქციის მხარდაჭერა ან მინიმუმ 10 კაცის მხარდაჭერა, ან შეიძლება უფრო მაღალი მოთხოვნა იყოს, უმრავლესობის უმრავლესობა და ოპოზიციის უმრავლესობა, ორმაგი მხარდაჭერა…”, — ამბობს მენაბდე.

რაც შეეხება კომისიის წევრობის კანდიდატების არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენას, მენაბდე ამბობს, რომ საია ამას არ ეთანხმება. მისი თქმით, საია მიიჩნევს, რომ მმართველობის ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა ერეოდეს.

მისი განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მმართველობის სისტემაში შემოყვანა და კანონმდებლობით ამის გაწერა მთავარ იდეას უპირისპირდება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულია ის, ვისაც აქვს პირდაპირი ან ირიბი სახალხო ლეგიტიმაცია. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს არც ერთი აქვს და არც მეორე.

“მართვაში არასამთავრობო ორგანიზაციებს არაფერი ესაქმებათ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „ვოჩდოგები“, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კრიტიკულად ვაფასებთ და ვაანალიზებთ ხელისუფლების ან სხვა აქტორების მოქმედებებს. ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ მათ ქმედებებზე, რაც შეიძლება დადებითი ან უარყოფითი იყოს, მაგრამ ეგ არის „ვოჩდოგის“ საქმე. ან არიან კვლევითი ორგანიზაციები, იკვლევენ და რჩევებს აძლევენ ხელისუფლებას, მაგრამ უშუალო გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, საკადრო გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა იღებდნენ.

ჩვენ შეიძლება გვქონდეს მოსაზრება და ვურჩიოთ. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს თავის დროზე რეკომენდაცია გაუწია არასამთავრობო სექტორის ნაწილმა, მაგრამ ეს იყო მათი ნება და სურვილი და ხვალ შეიძლება აღარ გააკეთონ”, — ამბობს მენაბდე.

მისი თქმით, ცესკოს წევრებიც პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს პარლამენტში ისე, როგორც ეს დღევანდელი კონსტიტუციით არის დადგენილი.

“ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ ხოლმე ცესკოს თავმჯდომარეზე. ის არის კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე და მას აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. გარკვეული კომპეტენციები, ცხადია, გააჩნია, მაგრამ თუ ცესკო სრულად მუშაობს კარგად, მას ცუდი თავმჯდომარე ვერაფერს დააკლებს და პირიქით, ცუდ ცესკოს კარგი თავმჯდომარე ვერ გააპატიოსნებს. ამიტომ აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა ცესკოს თამჯდომარეზე, არამედ ზოგადად უნდა ვილაპარაკოთ ცესკოს შემადგენლობის დაკომპლექტებაზე.

მე ვფიქრობ, რომ ცესკოს წევრები პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს პარლამენტში, როგორც ეს დღევანდელი კონსტიტუციით არის დადგენილი და თუ მას დაჭირდება ვინმესთვის კითხვა, ჰკითხავს და აქამდეც უკითხავს. იმ კომისიაში საიამ მიიღო მოწვევა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით კომისიაში ჩართვაზე სწორედ მაგ იდეიდან გამომდინარე, რომ არ ვთვლით საჭიროდ იმ მომენტში ამ პროცესში ჩართვას. პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტში მარტო უმრავლესობამ კი არ უნდა მიიღოს, არამედ უნდა მიიღოს უმრავლესობამ და ოპოზიციამ ერთიანად, კონსენსუსზე დაფუძნებული პროცედურით”, — ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მემორანდუმი სრულად

“ოცნების” და “მოქალაქეების” მემორანდუმი — სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი