ახალი ამბები

“სამოქალაქო დაპირისპირებების შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” დაეკისრება”

3 დეკემბერი, 2019 • 1065
“სამოქალაქო დაპირისპირებების შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა “ოცნებას” დაეკისრება”

“ლელოს”, “შენების მოძრაობისა” და “ახალი მემარჯვენეების” განცხადებით, გუშინ თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ – ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად ხელისუფლება ორგანიზებას უწევს და ახალისებს ძალადობას.

“ნათელია, რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. ამასთან, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ: ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას”, – აცხადებენ ახალი საკონსულტაციო პლატფორმის წარმომადგენლები.

“ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ, იმოქმედონ კონსტიტუციის და არა დაკვეთების შესაბამისად, მაქსიმალუად უზრუნველყონ საპორტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი, სასწრაფოდ მოხდეს ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მიეცეს თითოეული მათგანი პასუხისგებაში; ასევე, მოუწოდებენ სამოქალაქო აქტივისტებს და ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ წამოეგონ პროვოკაციებს.

“მივმართავთ ხელისუფლებას: არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და, რაც ჩვენთვის ასმაგად შემაშფოთებელია – ქვეყანას. ამიტომ მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს, სამოქალაქო დაპირისპირებების ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი