ახალი ამბებისაზოგადოება

სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვას იწყებენ

15 სექტემბერი, 2016 • 1871
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვას იწყებენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშა 19 სექტემბრიდან გაიფიცება. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” მშენებლობაზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ, მინდია ოკრიბელაშვილმა დაუდასტურა.

ოკრიბელაშვილის თქმით, საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიასთან “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან”, მედიაცია, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო უზრუნველყოფდა, უშედეგოდ დასრულდა. დასაქმებულის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. თავდაპირველად ჩინური კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობას აცხადებდა, თუმცა საბოლოოდ აზრი შეიცვალეს და მუშებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს.

მუშები დამსაქმებლისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას – მათ შორის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას,  ითხოვდნენ.

10 აგვისტოს მუშების მდგომარეობას გაეცნო არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლიც”, რომელმაც ზვარეში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა:

“ჩვენ ჩავედით მუშებთან, გადავიღეთ ფოტომასალა, ასევე გავეცანით ხელშეკრულების ასლს, რაზეც მათ აქვთ ხელი მოწერილი. 12 საათი მუშაობენ, ეს უკვე დარღვევაა და ზეგანაკვეთურ შრომას მათ არ უნაზღაურებენ. ამის გარდა, ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მუშების შრომითი ექსპლუატაცია. არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული,”  – ამბობდნენ ორგანიზაციაში.

მუშები კომპანიისგან მუშაობის პროცესში სპეციალური სამოსით უზრუნველყოფას და წილობით გარანტიასაც ითხოვდნენ, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩინური კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა და სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს, მათ სამსახურიდან არ დაითხოვს.

სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულთა პროტესტი 9 აგვისტოს დაიწყო. მუშების პროტესტი ორი მათგანის სამსახურიდან გათავისუფლებას მოჰყვა. ერთ-ერთი დასაქმებულის თქმით, გეგმური აფეთქებისას გვირაბში მტვერი დადგა, რის გამოც მუშებმა გვირაბი მტვრის გაფანტვამდე რამდენიმე წუთით დატოვეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მინდია ოკრიბელაშვილი მისი და კიდევ ერთი მუშის სამსახურიდან გათავისუფლებას, რასაც ობიექტზე დასაქმებული სხვა მუშების პროტესტი მოჰყვა და სოლიდარობის ნიშნად მუშებმა გვირაბში დაბრუნებასა და სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი