ახალი ამბები

ძიძიგური: “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის მეპატრონე პოლიციაში დაიბარეს

19 მაისი, 2012 • 1564
ძიძიგური: “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის მეპატრონე პოლიციაში დაიბარეს

კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად ძიძიგურის თქმით, “ქართული ოცნების” რუსთავის ოფისის მეპატრონეს, მამუკა მატკავას პრობლემები შეექმნა. კერძოდ, ძიძიგურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მატკავამ “ქართულ ოცნებასთან” გააფორმა ხელშეკრულება, ის დაიბარეს პოლიციაში და მოთხოვეს აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება:

“მინდა ვთქვა, რომ მამუკა მატკავა არ არის ნარკომანი, არც იარაღის შემნახველი და არც კონტრაბანდისტი. ეს უნდა იცოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ თუ მამუკა მატკავას წინააღმდეგ რაიმე ტიპის ზეწოლა განორციელდება, ეს იქნება ტიპური ნიმუში იმისა, თუ როგორ აშინებენ ქვემო ქართლში ჩვენი ოფისის მეპატრონეს,” – განაცხადა ძიძიგურმა.

თვად მამუკა მატკავას განცხადებით, ის რუსთავის პოლიციის შენობაში დაიბარეს, სადაც მოთხოვეს “ქართულ ოცნებასთან” გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება:

“ამის შემდეგ, მომდევნო დღეს ოფიცერ-თანამშრომელი, უბნის ინსპექტორი მოვიდა ჩემთან სახლში. გამოგვკითხეს, რამდენი დედმამიშვილი ვიყავით, სად ვმუშაობდით, რას ვსაქმიანობდით, იარაღი გვქონდა თუ არა სახლში. ამ ზეწოლის მიუხედავად, არ ვაპირებ უკან დავიხიო და მზად ვარ ქონებაც კი დავთმო,” – განაცხადა მატკავამ, რომელიც დღეიდან “ქართული ოცნების” წევრი გახდა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, “ქართულ ოცნებას” ოფისთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც. კერძოდ, მათ მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულ ბინაში ოფისის გასხნამდე ორი დღით ადრე სამაჩაბლოდან დევნილი თამაზ ელიაურის ოჯახი შესახლდა.

ძიძიგურის თქმით, აღნიშნულ სახლში ელიაური 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაბინავდა მეპატრონის მიერ უსასყიდლოდ, თუმცა მოგვიანებით მას ხელისუფლებამ გამოუყო საცხოვრებელი ფართი სოფელ კოდაში, მე-7 კორპუსის პირველს სართულზე.

“მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ ჩვენ დიდი ხნის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროში ოფისი ვიშოვეთ, საგანგებო წესით, ორი დღით ადრე ისევ დააბრუნეს ძველ სამყოფელში ელიაური მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ოფისის შენობაში შესვლას ვაპირებდით, ელიაურებმა არ მოგვცეს შესვლის საშუალება, შესასვლელის კიბეზე დაგვხვდნენ და ისეთ სურათს ქმნიდნენ, თითქოს ჩვენ უნდა შევჭრილიყავით”, – ამბობს ზვიად ძიძიგური.

მისივე თქმით, თამაზ ელიაურმა ცოტა ხნით დაიწყო მუშაობა თეთრიწყაროს სოციალურ სამსახურში, ხოლო მისი მეუღლე ამავე მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მასწავლებელია.

“ჩვენ ვაკვირდებოდით ოფისთან უცხო პირთა გადაადგილებას და დავადგინეთ ამ “ზონდერების” ვინაობა. ესენი არიან: სოსო ასკილაშვილი, ჯანო ჯავახიშვილი და შოთა ბასიშვილი”, – აცხადებს ძიძიგური.

მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” მიმართა თეთრიწყაროს პოლიციას, თუმცა, უშედეგოდ. ძიძიგური ამბობს, რომ ამ ფაქტების თაობაზე მათ საქმის კურსში ჩააყენეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. “ქართული ოცნება” ასევე აპირებს შეიტანოს განცხადება პროკურატურაში პოლიტიკური პარტიისთვის ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი