ახალი ამბებისაზოგადოება

პრეზიდენტმა რიოში მიღწეული წარმატებისთვის ოლიმპიელებს ღირსების ორდენები გადასცა

26 აგვისტო, 2016 • 1477
პრეზიდენტმა რიოში მიღწეული წარმატებისთვის ოლიმპიელებს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის და ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქართველი სპორტსმენები, მათ შორის: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ლაშა ტალახაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, შმაგი ბოლქვაძე, ირაკლი თურმანიძე და გენო პეტრიაშვილი – ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

დაჯილდოვების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, დღეს, 26 აგვისტოს გაიმართა. ქართველ ოლიმპიელებს პრეზიდენტმა და ქვეყნის პირველმა ლედიმ უმასპინძლეს:

“მინდა მადლობა გითხრათ ქართველი ხალხის სახელით. საქართველოს ჰიმნი, თითოეული ნოტი ამ ჰიმნისა, იყო ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქის აღტაცებული გულისცემა. ეს თქვენ გააკეთეთ და მადლობა მინდა გითხრათ ამისათვის.
ჩვენ ვაგრძელებთ შეჯიბრებებს. ჩვენ ვაგრძელებთ მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, რომ ქართული გენი, ქართული უნარი, ჩვენი ჟინი და ჩვენი ძალა არ არის მხოლოდ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიყოთ ყველაზე დიდი და ყველაზე მასშტაბური ქვეყანა, არამედ დამოკიდებულია იმ უნარებზე, რაც თითოეულ თქვენგანში დევს” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე.

რიოს ოლიმპიადაზე საქართველომ 7 მედალი მოიპოვა (2 ოქროს, 1 ვერცხლს და 4 ბრინჯაოს მედალი) და ოლიმპიადაზე მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით 38-ე ადგილს იკავებს.

ოლიმპიადაზე პირველი ბრინჯაოს მედალი საქართველოს ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა, ვერცხლის მედალი – კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შმაგი ბოლქვაძემ.

საქართველოს პირველი ოქროს მედალი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა, ხოლო კიდევ ერთმა ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს მეორე ოქროს მედალი შემატა, ხოლო გენო პეტრიაშვილმა – მეოთხე ბრინჯაო.

მასალების გადაბეჭდვის წესი