ახალი ამბები

აქცია “დემურ სტურუასათვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” დასრულდა

20 აგვისტო, 2016 • 1078
აქცია “დემურ სტურუასათვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” დასრულდა

აქცია “დემურ სტურასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”, რომელიც დღეს, 20 აგვისტოს სამტრედიის პოლიციის წინ დაიწყო, სამტრედიის ქუჩებში მსვლელობით დასრულდა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

აქციის მონაწილეები სამტრედიის პოლიციის შენობის წინ 18:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ თან ჰქონდათ ორი დიდი ბანერი, რომელზეც ეწერა- “სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა” და “ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”, აღნიშნულ ბანერზე, თავსა და ბოლოში #5 და #41 წერია, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” საარჩევნო ნომრები.

აქციის მონაწილეებმა  სტიკერებიც დაამზადეს, რომლებზეც ის წერილია დატანილი, რაც დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას დაუტოვა. ხოლო სტიკერები, რომლებზეც “ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა” წერია, აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს მიაკრეს. მოგვიანებით ეს სტიკერები პოლიციელებმა ავტომობილებს აახიეს. აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის. ინციდნეტის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ არსებულ “მომავლის პარკში” დაასრულეს.

14087620_1291561484195831_622089560_o

მსვლელობა “დემურ სტურუასათვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება”. ფოტო ნათია ხარატიშვილი

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით]. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

აქციაზე მივიდა ზურაბ ჯაფარიძეც, რომელსაც აქციის მონაწილეებმა ადგილის დატოვება მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ადგილი აღნიშნული აქცია არაა.

დღეს დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის წინაც გააპროტესტა. მათ მთავრობის კანცელარაში პრემიერ-მინისტრისა და ვიცეპრემიერის სახელზე განცხადებებიც დატოვეს. აღნიშნულ აქციას “რესპუბლიკელი” დეპუტატები თამარ კორძაია, და დავით ბერძენიშვილი შეუერთდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი