ახალი ამბები

პოლიციელს ბრალი წარედგინა ქალის მიმართ ადევნებაზე

15 თებერვალი, 2024 • 951
პოლიციელს ბრალი წარედგინა ქალის მიმართ ადევნებაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი.

გამოძიებით თანახმად, 2023 წელს ბრალდებული ყ.უ. ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც გამოიხატებოდა მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა. დაზარალებულ ქალს მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოპოვებულია სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო- სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, Whatsapp- იდან გაგზავნილი შეტყობინებები.

პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება წარედგინა ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას. ბრალდებული დაკავებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი