ახალი ამბები

ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავს და სხვა პარტიებთან კონსულტაციების გავლას აპირებს

16 აგვისტო, 2016 • 1465
ბედუკაძე არჩევნებში მონაწილეობას კვლავ გეგმავს და სხვა პარტიებთან კონსულტაციების გავლას აპირებს

პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტების” ერთ-ერთი ლიდერი, ლადო ბედუკაძე აცხადებს, რომ ცესკოს 16 აგვისტოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც მიიღებენ მონაწილეობას 2016 წლის არჩევნებში.

“ცენტრისტები” ცესკომ რეგისტრაციიდან 16 აგვისტოს მოხსნა იმ მიზეზით, რომ საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, “ცენტრისტების” ხელმძღვანელი პირები ოფიციალურად არ იყვნენ დარეგისტრირებული. მანამდე, სასამართლოს გზით ამ პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა ორგანიზაცია “საართლიანი არჩევნები”, რომელთა მტკიცებითაც, პარტიის მიერ რუსული პენსიის მიღების მიზნით მოქალაქეების რეგისტრირება ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენს. სასამართლომ სამართლიანი არჩევნების არგუმენტები არ გაიზიარა, თუმცა ცესკომ სხვა მიზეზით მაინც მოხსნა “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან.

“ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანაში დამყარდა დიქტატურა. ასეთი რამ თვით სააკაშვილსაც არ უკადრია და ერთი პარტია არ აუკრძალავს თავისი საქმიანობის განმავლობაში.

ამჯერად არავისთან არ არის კონსულტაცია. დღეს დილით იყო ეს ინფორმაცია და დღის განმავლობაში, შეიძლება ხვალ, შეიძლება ზეგ, გავივლით კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. არ მივცემთ ამ ბედნიერების განცდის საშუალებას არც “ქართულ ოცნებას” და არც დასავლური კურსის მხარდამჭერ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია ჩაიხსნას არჩევნებიდან,”- განაცხადა ლადო ბედუკაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

პოლიტიკური გაერთიანება “ცენტრისტები” მოსახლეობას არჩევის შემთხვევაში 400-ლარიან რუსულ პენსიას, რუსეთის მოქალაქეობას და რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებას ჰპირდებოდა. საზოგადოებრივი მაწუყებლის ეთერში გადიოდა მათი წინასაარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიხსნა.

თავად ლადო ბედუკაძე, რომლის სახელიც პატიმრების წამების ამსახველი კადრების გადაღებასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელებას უკავშირდება, აცხადებს, რომ მათი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება ხელისუფლაბას გუშინვე ჰქონდა მიღებული და მისთვის აღარ იყო მნიშვნლოვანი, თუ ვინ გამოაცხადებდა ამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი