ახალი ამბები

პედაგოგის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს

29 მარტი, 2012 • 1282
პედაგოგის თქმით, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს

ბოლნისის #3 საჯარო სკოლის მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგი თამარ ასპანიძე ამბობს, რომ სკოლიდან, სადაც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა, პოლიტიკური შეხედულებების გამო დაითხოვეს.

თამარ ასპანიძის  შვილი, დავით ასპანიძე “რესპუბლიკური პარტიის” ბოლნისის ორგანიზაცის თავმჯდომარეა, ხოლო თავად სამსახურიდან დათხოვნილი პედაგოგი – “ქართული ოცნების” აქტივისტი.

თამარ ასპანიძე ამბობს, რომ #3 სკოლის დირექტორზე, მზია დანელიაზე ბოლო ორი კვირის მანძილზე ხორციელდებოდა ზეწოლა განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, ნოდარ იმნაძის მხრიდან:

“15 მარტიდან მოყოლებული ნოდარ იმნაძე ყოველდღე იბარებდა სკოლის დირექტორს და თხოვდა, რომ დამეწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. 23 მარტს მე თვითონ მივედი რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან და ვკითხე მიზეზი, რატომ უნდა დამეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, რაზეც ნოდარ იმნაძემ მიპასუხა, რომ მას პირადად ჩემთან არავითარი პრეტენზია არ გააჩნია, ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ დავალებული აქვს  ზემდგომი ორგანოებიდან და იძულებულია გამათავისუფლოს.”

თამარ ასპანიძემ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ დაწერა, რის შემდეგაც, 26 მარტს სკოლის დირექტორმა მის მიერ გამოცემული ინდივიადუალური სამართლებრივი აქტით (საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 43–ე მუხლის  მეორე პუნქტის შესაბამისად) გაათავისუფლა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევა ( საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტი) მიუთითა.

ბოლნისის მე–3 საჯარო სკოლის დირექტორმა მზია დანელიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ სკოლაში განხორციელდა პედაგოგების მონიტორინგი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თამარ ასპანიძეს არ აღმოაჩნდა სკოლის სასწავლო გეგმა და მასალები, რითიც უნდა ეხელმძღვანელა სასწავლო პროცესის დროს. დანელიას თქმით, სწორედ ეს გახდა ასპანიძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, საქართველოს შრომის კოდექსი იმდენად მოუქნელია, რომ თითქმის უპერსპექტივოა დამსაქმებლის წინააღმდეგ დავა, როდესაც შრომითი ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნული მუხლის საფუძველზე წყდება.

“ბოლო რამდენიმე თვეა, რაც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ადამიანები  რეგიონებიდან ინტენსიურად მოდიან მსგავსი შემთხვევით. განსაკუთრებით ხშირია მომართვები შიდა ქართლიდან, ქუთაისიდან, გორიდან და საჩხერიდან. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სკოლიდან მასწავლებლის გაშვების 10 შემთხვევაა, აქედან 6 – საჩხერეში დაფიქსირდა”, – ამბობს ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის მიხედვით, ადამიანის დევნა მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ან შეხედულების გამო, სისხლის სამართლის დანაშულს წარმოადგენს და აუცილებელია სამართლადამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ მოცემული ფაქტები და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი დასვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი