ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს

2 ოქტომბერი, 2020 • 2294
ქვემო ქართლში გადაჭრეს ინტერნეტის კაბელები, რომლებიც სომხეთსაც უკავშირდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლში ორ ადგილას — მარნეულსა და დმანისში — ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაჭრეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებითაც ინტერნეტი, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, სომხეთის რესპუბლიკასაც მიეწოდება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში „საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.

„ორივე შემთხვევაზე შესაბამისმა სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ინტერნეტის მიწოდება შეუფერხებლად ხდება“, – წერს უწყება.

დმანისი

გამოძიების თანახმად:

  • 29 სექტემბერს, ღამის საათებში, შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის“ კუთვნილ, დმანისში, სოფელ ოროზმანის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კაბელების მანიშნებელ ბოძთან, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა/პირმა მიწა ამოიღო და მიწის სიღრმეში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ქსელის კაბელები დააზიანა;
  • გადაჭრა კომპანიის კუთვნილი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე, შავი ზღვიდან შემომავალი, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, ფოთი-თბილისი-ბოლნისი-დმანისი-სომხეთის მიმართულებით გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები;
  • ამის შესახებ პოლიციას 2020 წლის 30 სექტემბერს, დაზიანებიდან დაახლოებით 3 საათში, კომპანიის წარმომადგენელმა აცნობა;

გამოძიება დმანისის რაიონულ სამმართველოში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სადახლო, მარნეული

გამოძიების თანახმადვე,

  • 28 სექტემბერს კომპანია “სილქნეტში“ შევიდა შეტყობინება სოფელ სადახლოში “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანების შესახებ.
  • ადგილზე მისულმა კომპანიის წარმომადგენლებმა ნახეს, რომ გადაჭრილი იყო წყლის არხზე გადამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი.
  • აღნიშნული კაბელით ხდება ინტერნეტით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა და, ასევე, უკავშირდება სომხეთის რესპუბლიკას.

გამოძიება ამ ფაქტზეც სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს „სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ და ამისთვის სასჯელის უმკაცრეს ზომად 1-დან 3 წლამდე პატიმრობაა განსაზღვრული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისისა და მარნეულის რაიონულ სამმართველოებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელების დაზიანების ფაქტებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები დანაშაულში მონაწილე პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – წერს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი