ახალი ამბები

სათემო ორგანიზაციები ქვემო ქართლის მაჟორიტარებს მიმართავენ

1 მარტი, 2023 •
სათემო ორგანიზაციები ქვემო ქართლის მაჟორიტარებს მიმართავენ

ქვემო ქართლში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ ქვემო ქართლის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს — გოგი მეშველიანს, ზაურ დარგალს და ირაკლი შატაკიშვილს.

განცხადებაზე ხელმომწერები ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტს და ამავე სულისკვეთების მის ალტერნატიულ ვერსიას.

„არცთუ დიდი ხნის წინ ჩვენ ყველანი ვამაყობდით რეგიონში არსებული ძლიერი სამოქალაქო სექტორით. ქვემო ქართლში ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები, თქვენთან ერთად, სიამაყით დადიოდნენ ჩვენი პროექტების შედეგების გასაცნობად. გაიზარდა რეგიონიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ახალგაზრდების რიცხვი. ამ სასიკეთო საქმეში თავისი წვლილი შეიტანეს სათემო ორგანიზაციებმა, რომელთა ხელმძღვანელებმა საკუთარი სახლებიც კი დაუთმეს აღნიშნულ საგანმანათლებლო იდეას. ყველანი ვხედავდით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღებს, სასმელი წყლის სისტემებს, გაძლიერებულ ადგილობრივ მეწარმეებს, გამწვანებულ სივრცეებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელთა შესრულებაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და დონორების დახმარებით შევძელით. ისიც, რომ რეგიონში ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ადგილობრივი მედია არსებობს, სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგია. გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ. კანონპროექტები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს“, — ნათქვამია განცხადებაში.

სათემო ორგანიზაციები მაჟორიტარებს მიმართავენ, დადგნენ იმ იდეის გვერდით, რომლის ერთგულებიც 30 წელი იყვნენ.

„არ არსებობს თანამდებობა, სტატუსი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე მნიშვნელოვანია. არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას მომავალს ართმევს!“ — დასძენენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი