ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” სამტრედიის პოლიციის შენობასთან ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებს

15 აგვისტო, 2016 • 1965
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” სამტრედიის პოლიციის შენობასთან ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” შაბათს, 20 აგვისტოს, დემურ სტურუას თვითმკვლელობისა და ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად სამტრედიის პოლიციის შენობასთან აქციას გამართავს.

აქციის მონაწილეებს დაგეგმილი აქვთ, რომ 13 საათზე შეიკრიბონ თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთნ, ხოლო შემდეგ დაიძრებიან სამტრედიისკენ და 17 საათზე სამტრედიის პოლიციის შენობასთან აქციას გამართავენ.

“თეთრი ხმაურის მოძრაობას” მიაჩნია, რომ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის, რაც ნარკოპლიტიკით ინიღბება, სინამდვილეში, მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ ფენებზე პოლიციური კონტროლის, ძალადობისა და შანტაჟის მექანიზმს წარმოადგენს:

“ეს მექანიზმები განსაკუთრებული სიმკაცრით საჯარო სივრცის მიღმა მყოფ ადამიანებს უსწორდება, მისი მოქმედების ძირითად სივრცეებს კი რეგიონები, სოფლები და გარეუბნები წარმოადგენს.”

სახელმწიფო ცდილობს, დემურ სტურუას ტრაგედია რიგითი “სამართალდამცველის” გადაცდომად გაასაღოს, თუმცა ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებიც დღემდე არ არსებობს. სამტრედიაში დატრიალებული ტრაგედია ამ პრაქტიკის უკიდურესი გამოვლინებაა, მიჩნია “თეთრი ხმაურის მოძრაობას”.

მოძრაობის წევრებს სურთ, რომ პოლიციისთვის მინიჭებული ძალაუფლება გონივრულ ფარგლებს უნდა დაუბრუნდეს და მსგავს შემთხვევებზე მკაცრად რეაგირებასთან ერთად არსობრივად უნდა შეიცვალოს სამართალდამცველთა მუშაობის პრინციპიც.

აქციის მოთხივნებია:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გ. თ. და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3.შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზეციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.

4.დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

აქციას ასევე შეუერთდება სტუდენტური მოძრაობა აუდიტრია #115, რომელმაც მიიმდინარე წლის გაზაფხულზე აქციები გამართა პოლიციური რეჟიმის წინაღმდეგ.

22 წლის დემურ სტურუა 8 აგვისტოს იპოვეს გაარდაცვლილი. თვითმკვლელობამდე მან დატოვა წერილი, სადაც წერდა, რომ პოლიციელი გ. თ. აშანტაჟებდა და ემუქრებოდა, თუ არ მიაწოდებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის მოჰყავდა მარიხუანა. სტურუა წერს, რომ მან ვერ გაუძლო ზეწოლას და თავი მოიკლა.

გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ხოლო პოლიციელმა, რომელიც ნახსენებია სტურუას წერილში, თანამდებობა გამოძიების დასრულებამდე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი