ახალი ამბები

ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მიმართავს

6 მარტი, 2012 • • 983
ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მიმართავს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ “თუ საერთო საქმეს არ ეხმარები, ისეთი პოზიცია მაინც უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო.” 

აღნიშნულის შესახებ მან “სახალხო კრებისა” და “ქართული აკადემიის” წარმომადგენლებთან შეხვდრაზე განაცხადა.

“ჩვენი გუნდია საქართველო, სხვა გუნდები არ არსებობს. ამ გუნდურობით თუ წავალთ, გეუბნებით, რომ ვერ მივალთ და ვერ გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა. ჩემი თავისთვის მოვედი მე აქ, იმიტომ, რომ ჩემია ეს სამშობლო, სხვაგან არ დავდგებოდი და თავს არ გავწირავდი. ასევე ხართ თქვენც. საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის ადამიანი, პირველ რიგში, მაგრამ ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს კონკრეტულ სიტუაციაში და გააკეთოს სწორი პრიორიტეტები. არ უნდა დარჩე პატარა ბავშვივით და იძახო “ჩემი” და “მე”. ეს გადაეცით ჩემგან ქალბატონ ნინოს. არ არის აუცილებელი, რომ მიიღო მონაწილეობა, თუ შენ შენი მონაწილეობით კი არ ეხმარები, აზიანებ. ასეთ შემთხვევაში უნდა დაიჭირო ისეთი პოზიცია და მდგომარეობა, რომ საერთო საქმეს თუ ვერ მოეხმარები, არ დააზიანო მაინც,” – აღნიშნა ივანიშვილმა.   

მან ასევე გმირული უწოდა 26 მაისს “სახალხო კრების” წარმომადგენელთა ქმედებებს.

“თქვენი ქმედება, ვინც იქ იყო 26 მაისს, ვთვლი, რომ ეს არის თქვენი გმირობა და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც იკრიბებოდა, გარდა პოლიტიკოსებისა, რომლებსაც სხვანაირი ვალდებულებები აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გმირობისთვის, თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის ძალიან ბევრი დაისაჯა და დაისაჯა ძალიან მძიმედ. მე ვიცი, რომ არიან გარდაცვლილებიც. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი რომ მოხდა და ეს არის ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალი”, – აღნიშნა შეხვედრაზე ივანიშვილმა.

„სახალხო კრებამ“ აქციები “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძის თაოსნობით 2011 წლის 21 მაისს, 15 საათზე, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრებით დაიწყო. ამ აქციებს თავიდანვე გამოეყვნენ ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენლები.

26 მაისს ღამით სპეცრაზმმა აქცია დაშალა. 26 მაისის მოვლენების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი