ახალი ამბები | , ,

ჯეჯელავა: ტერორიზმთან შაჰინის სკოლის კავშირის მტკიცებულებები არ გვაქვს

18 ივლისი, 2016 | | 1867
ჯეჯელავა: ტერორიზმთან შაჰინის სკოლის კავშირის მტკიცებულებები არ გვაქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას, რომ “ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან”, და განაცხადა, ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება გახდება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.

“ფაქტია, რომ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში ფინანსდება, მათ შორის არის სკოლების მთელი ქსელი საქართველოში, რომელიც ამ მიმარულებიდან ფინანსდებოდა. მეორე მხრივ, აქამდე არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს (ეს სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტირებული ჩვენი კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით). შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონაბასთან კავშირი ჰქონდეს ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა”.

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა კავშირში და აპირებს მთავრობას მიმართოს, რათა ეს სკოლები დაიხუროს. მან შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გიულენის სახელს დაუკავშირა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი 15 ივლისის აჯანყების მოწყობაში ადანაშაულებს. პენსილვანიაში მცხოვრები გიულენი უარყოფს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებას გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორობაზე.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშნველოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშნვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: “კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები, ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი