ახალი ამბები

აჯანყება თურქეთში: 160-მდე დაღუპული და 2,840 დაკავებული – მოვლენების ქრონოლოგია

16 ივლისი, 2016 • 3204
აჯანყება თურქეთში: 160-მდე დაღუპული და  2,840 დაკავებული – მოვლენების ქრონოლოგია

15 ივნისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს. აჯანყების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 160-მდე ადამიანი,  დაშავებულია 1154 ადამიანი.

სხვადასხვა საერთაშიროსი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას (ქრონოლოგია მოცემულია სტამბულის დროით – სტამბულის დრო ერთი საათით ჩამორჩება თბილისის დროს):

10:56 – თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმის, ქალაქის თავზე თვითმფრინავები დაფრინავენ.

11:03 – სტამბულში დაიკეტა ევროპული და აზიური ნაწილების დამაკავშირებელი ორივე ხიდი ბოსფორის სრუტეზე.

11:07 – პრემიერ-მინისტრი ილდირიმი ამბობს, რომ “სამხედროების ნაწილი არალეგალურად ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას”.

11:16 – თურქეთში დაიბლოკა სოციალური ქსელები: ფეისბუქი, იუტუბი, ტვიტერი, ინსტაგრამი და ვიმეო.

11:20 – თურქული არხი NTV აჩვენებს ტანკებს სტამბულის ათათურქის სახელობის აეროპორტთან.

11:34 – თურქეთის საჯარისო დანაყოფები ამბობენ, რომ ერდოღანის რეჟიმი დაამხეს და ძალაუფლებას ისინი ფლობენ.

11:44 – ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის არმიის გენერალი ჰულუსი აკარი აჯანყებულებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი.

11:53 – ყველა ფრენა ათათურქის აეროპორტიდან გადადებულია.

11:55 – ერდოღანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

12:03 – ჯარისკაცები თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ს სათავო ოფისთან არიან.

12:07 – მოქალაქეები ცდილობენ ბანკომატებიდან თანხის გამოტანას.

12:08 – TRT ამბობს, რომ თურქეთის ყველა აეროპორტი დახურულია.

12:12 – ადგილობრივი ტელევიზია იუწყება, რომ ახლა ქვეყანას “მშვიდობის საბჭო” მართავს, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

12:30 – პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პირველ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აჯანყებას სამხედრო ძალების მცირე ნაწილი მართავს.

12:33 – თურქეთის საგარეო უწყება ხალხს სიფრთხილისა და სახლში ყოფნისაკენ მოუწოდებს.

12:34 – პრეზიდენტი ერდოღანi პირდაპირ ეთერში სკაიპით ერთვება და მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისაკენ მოუწოდებს.

turkey-pm-facetime

00:28 – სამხედრო ვერტმფრენებმა ცეცხლი გაუხსნეს ეროვნულ სადაზრვერვო სააგენტოს ანკარაში.

02:07 – კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვი “ღრმად შეშფოთებულია” თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო.

02:14 – თურქეთის იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ამბოხებაში მონაწილეობას სასულიერო პირის, ფეტულა გულენის მხარდამჭერები არიან გარეული.

02:20 – ტაქსიმის მოედანზე რამდენიმე ადამიანს ესროლეს

02:40 – ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეღობებიან მოქალაქეები ტანკებს.

02:45 – თურქეთის უშიშროების სპიკერი ამბობს, რომ გადატრიალების მცდელობა აღმოფხვრილია.

02:47 – ვერტმფრენმა ანკარაში თურქეთის პარლამენტის მისამართით გახსნა ცეცხლი. თურქული სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, შენობას ბომბი მოხვდა.

02:52 – AFP-ის ცნობით, სამხედროებმა სტამბულის ხიდზე შეკრებილ მოქალაქეებს გაუხსნეს ცეცხლი.

03:07 – TRT ეთერში დაბრუნდა, კორესპონდენტები ამბობენ, რომ მძევლად იყვნენ აყვანილები.

03:25 – ერდოღანის თვითმფრინავი სტამბულში დაეშვა.

03:33 – თურქეთის პარლამენტთან კიდევ ორი აფეთქება მოხდა.

03:41 – თუქეთის პარლამენტის წევრი, რომელიც როიტერსს დაუკავშირდა, ამბობს, რომ დეპუტატები პარლამენტის თავშესაფრში იმყოფებიან.

03:45 – აფეთქების ხმა ორჯერ ისმის სტამბულის ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე.

03:48 – CNN-ის თურქულ ოფისში ახალი ამბების გამოშვების წამყვანს აიძულებენ, სტუდია დატოვოს. ამის შემდეგ პირდაპირი ეთერი ითიშება.

03:50 – ათობით აჯანყებული ტაქსიმის მოედანზე იარაღს ყრის და პოლიციას ბარდება.

03-59 – სამხედროები შეიჭრნენ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის, ჰურიეტის ოფისში.

04:03 – ერდოღანი ათათურქის აეროპორტთან შეკრებილ ხალხში გამოჩნდა.

04:08 – ერდოღანის თქმით, “ხალხის სურვილზე მაღლა არაფერი დგას. აჯანყებაში მონაწილეები კი აუცილებლად მიიღებენ პასუხს”.

04:11 – თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” ცნობით, აჯანყების ლიდერი არის მუჰარემ კოზე, რომელიც “ცოტა ხნის წინ” გაათავისუფლეს იურიდიული საკითხების საკონსულტაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციიდან.

04:16 – ჰილარი კლინტონი მხარდაჭერას უცხადებს ერდოღანს – “დემოკრატიულად არჩეულ მშვიდობიან მთავრობას”.

04:17 – “ასოშიეთიდ პრესს” სტამბულის საავადმყოფოში უთხრეს, რომ მინიმუმ 150 დაშავებულია საავადმყოფოში.

04:22 – ერდოღანი მედიასთან აჯანყებას ღალატად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ჯარის “გასუფთავების” მიზეზი.

04:30 – ერდოღანი ამბობს, რომ აჯანყება აშშ-ის შტატ პენსილვანიიდან იმართება – იქ კი სასულიერო პირი, ფეტულა გულენი ცხოვრობს.

04:40 – ერდოღანის დაბრუნების მიუხედავად, ანკარის ცაზე სამხედროების ვერტმფრენები ისევ დაფრინავენ.

04:43 – CNN-ის თურქული ოფისი ისევ ეთერშია.

05:10 – 120-ზე მეტი აჯანყებული დაკავებულია.

05:13 – პარლამენტი “დაცულია” – პრემიერი ილდირიმი ამბობს, რომ აჯანყების ორგანიზატორის ვინაობა უცნობია

05:23 – სტამბულის მთავარი აეროპორტი ისევ მთავრობის კონტროლის ქვეშაა.

07:00 – ჯარისკაცები თანდათანობით ნებდებიან პოლიციას.

07:15 – დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს მიაღწია.

07:28 – პენსილვანიაში მყოფი ფეტულა გულენი უარყოფს აჯანყებასთან კავშირს.

07:53 – ანგელა მერკელის პრესსპიკერის თქმით, გერმანია მხარს უჭერს არჩეულ მთავრობას

08:32 – თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალი ჰულუსი აკარი აჯანყებულებისგან დაიხსნეს.

09:58 – AFP წერს, რომ აჯანყების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 90-ს მიაღწია, დაშავებულია 1154 ადამიანი.

11:00 – თურქული მედიასაშუალების, ანადოლუს ცნობით, 1563 ადამიანია დაკავებული აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით.

15:00 – გარდიანის ცნობით, თურქეთში სიკვდილით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე იმუშავებენ. ჰეშთეგს, #Idamistiyorum, რაც ქართულად ნიშნავს “მე მინდა სიკვდილით დასჯა”, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ძალიან ხშირად იყენებენ. 

16:50 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ფეტულა გულენის ექსტრადირებაზე თურქეთისაგან მოთხოვნა არ მიუღიათ.

17:00 – ბოლო მონაცემებით, თურქეთში გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულია 160-მდე ადამიანი, დაკავებული 2,840 სამხედრო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი