ახალი ამბები | , , ,

თურქეთის ელჩის განმარტება შაჰინის სკოლაზე კონსულის განცხადების გამო

18 ივლისი, 2016 | | 2308
თურქეთის ელჩის განმარტება შაჰინის სკოლაზე კონსულის განცხადების გამო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.

“არც მას [კონსულს] და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში,” – განმარტა ელჩმა.

“შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ყველა დასმულ კითხვაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის საუკეთესო თანამშრომლობა არის ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე, და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ფორმატებში”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ 25-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი