მას შემდეგ რაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის სააგენტომ „ქართულ ოცნებას“ კურსი მოუწონა, საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავება, დასავლეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის განეიტრალების საშუალებად დაინახა.
სააგენტოს 9 ნოემბერს გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალის თანახმად, აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციის შერყევასა და საქართველოში პოლიტიკური წყობის შეცვლას.
მასალის ავტორები ამტკიცებენ, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ეკონომიკური შანტაჟითა და პოლიტიკოსების მიმართ სანქციებით ზეწოლას ცდილობს, რათა ქვეყანა კვლავ საგარეო მართვის ქვეშ მოაქციოს. ამასთან, ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის გამტარებლად წარმოაჩენენ.
სააგენტო ციტირებს „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დასავლეთის სანქციების არ ეშინია.
მასალაში დასავლეთის ზეწოლის ალტერნატივად საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაა წარმოდგენილი. სააგენტო საუბრობს თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის შუა დერეფანზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელსა და საქართველოში ჩინური ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობაზე.
სააგენტო ასევე ციტირებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 8 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ჩინეთიდან საქართველოში ვაჭრობა და ინვესტიციები იზრდება და მთავრობა ჩინური ბიზნესისთვის ქვეყანაში მუშაობის ხელშეწყობას გეგმავს.
მასალაში საუბარია საქართველოში ჩინური ელექტრომობილების წარმოების შესაძლებლობაზეც.
ტექსტში ასევე ნახსენებია ჩინური კორპორაცია CRRC-ის მიერ თბილისის მეტროსთვის დამზადებული 111 ახალი ვაგონი და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიზნით საქართველოსა და ჩინეთს შორის შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
„რესი“ მასალას ასრულებს დასკვნით, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკა, რომელსაც ავტორები საქართველოს იზოლირებისა და შანტაჟის მცდელობად აფასებენ, მიზანს ვერ აღწევს და ჩინეთთან პარტნიორობა ქვეყნის სუვერენული განვითარების საფუძველს ქმნის.
