ახალი ამბები

კინზინგერის გარდა, კონგრესში კვლავ აირჩიეს რიში, შაჰინი და მალინი

4 ნოემბერი, 2020 • 1336
კინზინგერის გარდა, კონგრესში კვლავ აირჩიეს რიში, შაჰინი და მალინი

აშშ-ის არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მოიპოვეს სენატორებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ხშირი შეფასებით გამოირჩევიან. წინასწარი შედეგების თანახმად, კონგრესში საკუთარ პოზიციებს შეინარჩუნებენ ადამ კინზინგერი, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში და მარკვეინ მალინი.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელიც აიდაჰოს შტატს წარმოადგენს, წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზეა ხმათა 62.6%-ით. დიდი უპირატესობით იმარჯვებს ჯინ შაჰინიც, სენატორი ნიუ-ჰემფშირიდან და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი. წინასწარი შედეგებით, მას ამომრჩეველთა 57%-მა დაუჭირა მხარი.

რიჩი და შაჰინი არიან გამაფრთხილებელი წერილის ავტორები, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნისა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე.

კონგრესში საკუთარ პოზიციას მარკვეინ მალინიც შეინარჩუნებს. ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრია ოკლაჰომადან და წინასწარი შედეგებით, 3 ნოემბრის არჩევნებზე ხმათა 75% მიიღო. მალინმა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილს გამოუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და ისაუბრა „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის (FDI) გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატსა“ და „გაუარესებულ დემოკრატიაზე“.

რიჩის, შაჰინისა და მალინის მსგავსად, კონგრესში კვლავ განაგრძობს საქმიანობას ადამ კინზინგერი. ის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი წევრია ილინოისიდან და ამომრჩეველთა 65%-იანი მხარდაჭერით მეექვსედ აირჩიეს აღნიშნულ პოზიციაზე. კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ხშირად ეხმიანება. ის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა.

ადამ კინზინგერი კონგრესში ხელახლა აირჩიეს

მასალების გადაბეჭდვის წესი