“ქართული ოცნების” დეპუტატი, კასპის ყოფილი მაჟორიტარი ირაკლი მეზურნიშვილი აცხადებს, რომ ფილმი გადაიღო საქართველოსა და ჩინეთის მეგობრობასა და საერთო ღირებულებებზე. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი მეზურნიშვილი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ დოკუმენტური ფილმით გახდა, რომელიც მან 2016 წელს ქართულ-ამერიკული მეგობრობისა და ურთიერთობების შესახებ გადაიღო. ფილმში წარმოდგენილი იყო აშშ-ის ყოფილი ელჩების ინტერვიუები.
„ეს ფილმი იქნება პასუხი იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს „ქართული ოცნების” კურსი პრორუსულია”, – აცხადებდა ირაკლი მეზურნიშვილი 2016 წელს.
გარდა ამისა, ირაკლი მეზურნიშვილს გადაღებული აქვს საერთაშორისო დიპლომატიურ ურთიერთობებსა და საიუბილეო თარიღებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმების ციკლი გერმანიასა და იაპონიაზეც.
