ახალი ამბები

მურუსიძე: არსებობს ჯგუფი, რომელსაც სასამართლოს სადავეების ხელში მოგდება სურს

8 ივლისი, 2016 • 1217
მურუსიძე: არსებობს ჯგუფი, რომელსაც სასამართლოს სადავეების ხელში მოგდება სურს

საქარველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეულ ჯგუფს სასამართლოს ხელისუფლების სადავეების “ხელშო მოგდება” სურს.

ამ ჯგუფის არსებობას მურუსიძე პირდაპირ უკავშირებს სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

“სასამართლო სისტემაში რომ მოხდეს, არაფერი კარგი არ არის აღნიშნული. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არის ჯგუფი ქვეყანაში, რომელიც ფიქრობს, რომ სასამართლო ხელისუფლების სადავეები მოიგდოს ხელში და მანამდე არ გაჩერდებიან… მესამე ტალღა პრობლემა არ არის, პირდაპირ გეტყვით, მე მივესალმები, რაც შეიძლება მეტი რეფორმები გატარდეს სასამართლოს ხელისუფლების განვითარების კუთხით, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არ იქნება გაჩერება, რამდენი კანონიც არ უნდა იქნეს მიღებული. სანამ რაღაც გარკვეული ჯგუფი ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლების სადავეებს ხელში არ მოიგდებს, მანამდე იქნება ეს კრიტიკა,”- ამბობს ლევან მურუსიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ არიან ამ წრეების  წარმომადგენლები, მურუსიძე ამბობს, რომ “ამის დრო დადგება და იტყვის”.

მურუსიძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლები. მან განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას ინფორმაცია არასწორად გამოაქვთ:

“თუ კანდიდატი სცემს არასათანადო პასუხს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია? ანუ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დასვა ხომ შეკითხვები. ჩვენ კითხვა არ უნდა დაგვესვა? თუ ჩვენ ვსვამთ კითხვას და კანდიდატი არასწორ პასუხს იძლევა, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია? ამიტომ, აქედან გამომდინარე, თუ კითხვა იყო სწორი და რომელიმე კანდიდატის პასუხი ვინმეს არ მოეწონა, ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია? ამიტომ მე მაქვს ასეთი მოწოდება, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას დაანებონ თავი, თავად მობრძანდნენ გასაუბრებებზე. არასერიოზულია, როდესაც ამდენი მოსამართლე ვზივართ, გამოდიან მოქმედი მოსამართლეები და, ვთქვათ, 25 წლის ბავშვი დაჯდეს და იმათი გატანილი რაღაცით ისაუბრო იმაზე, რომ გამჭვირვალე არ არის, რაღაც პრობლემა ხდება, ეს კითხვა დაუსვეს და გასაუბრება მიდის. თუ გულწრფელად დაინტერესებული ხარ აღნიშნული პროცესით, თავად მობრძანდი, დაგველაპარაკე, გვესაუბრე, რა არის გამოსასწორებელი, რა პრობლემა არის და შესაბამისად დავლაგდეთ. არ შეიძლება ვთქვათ, რომ სამი გოგო, მე ახლა მაგათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ზიან, რაღაცას ინიშნავენ, მერე საბჭოს წევრები ხანდახან შეეკითხებიან, აბა, რა პრობლემაა, ჩაიგუბებენ პირში წყალს, მერე გავლენ გარეთ და საუბრობენ, აი, აბსოლუტურად რომ არ ვეთანხმები,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არაერთხელ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. მაგალითად, 25 აპრილს TI-სა და საიას მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშს საბჭოს წევრთა მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა. ევა გოცირიძემ ანგარიშის ავტორები არასახელმწიფოებრივ მიდგომაში დაადანაშაულა:

“ჩვენი პირდაპირი ბრალდება, რომ ჩვენ გარიგებებით ვახორციელებთ ამას [მოსამართლეთა დანიშვნას], არ მგონია, რომ ეს იყოს თქვენი საქმე. ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და მაპატიეთ და მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ტექსტი, ამას აკლია როგორც პროფესიონალიზმის დონე, ასევე კეთილსინდისიერების ხარისხი,”- განაცხადა ევა გოცირიძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი